გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურად ჩაბარდა.
სასამართლომ მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის დავით ქევხიშვილის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყვარლის საკრებულოს 25 აპრილის ყველა დადგენილება ბათილად სცნო. ასევე დავით ქევხიშვილს, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს, ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებები ყველა ნაწილში მოეხსნა.
ყვარლის ყოფილი გამგებელი speqtri.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურების გამო, გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა.
„პროცესი 6 თვის მანძილზე გაიწელა. მე უფრო ადრე ველოდი საკითხის გარკვევას. ჩემი სურვილი იყო მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამის გამო, მინდოდა სიტუაცია პირველ ორ თვეში გარკვეულიყო. ბოლო ჯამში, მაინც მადლობელი ვარ, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ის მასკარადი, რომელიც თავის დროზე საკრებულომ დადგა, გამოაშკარავდა და სიმართლე ყველამ დაინახა. რეალურად, ეს იყო კონკრეტული ჯგუფის ინტერესები“.
კითხვაზე - აპირებს თუ არა ცრუ ბრალდებისთვის პასუხი მოსთხოვოს საკრებულოს, დავით ქევხიშვილი განმარტავს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა არაფერს გამორიცხავს.
„გულწრფელად გითხრათ, რამდენად ღირს ამაზე დროის დაკარგვა არ ვიცი, იმიტომ, რომ ფედერაციაში ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ჩემთვის მთავარი იყო, ზოგადად ხალხს სიმართლე დაენახა, ასე რომ, მომავალში ეს პროცესები როგორ გაგრძელდება ამაზე სრულად ჩამოყალიბებული არ ვარ“.
Speqtri.ge ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს კობა ფაჩოშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, გამგეობისა და საკრებულოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვტილებას, ამ დრომდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები