გურჯაანის თვითმმართველობაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ტესტირება დასრულდა.
უკმაყოფილო აპლიკანტებმა შედეგები საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივრეს. Speqtri.ge რამდენიმე მათგანს გაესაუბრა, თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი საჩივრებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი და ტესტირების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ზვიადაძე ამბობს, რომ აპლიკანტები თავისივე დაუდევრობას ასაჩივრებენ. „ტექნიკურ ხარვეზში ხშირად აპლიკანტები მოიაზრებენ იმას, რომ თავად თიშავენ ბაზას (იქს- x) ღილაკით. თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ჩვენ აპლიკანტს ვაძლევთ საშუალებას დაასრულოს ტესტირება. მისი ნაშრომი არ იკარგება და იმ მომენტიდან აგრძელებს მუშაობას, სადაც გაჩერდა. არის შემთხვევები, როცა აპლიკანტი მუშაობის პროცესში დაუდევრობით აჭერს დასრულების ღილაკს, რის საფუძველზეც საბოლოო ქულები ფიქსირდება და მთავრდება მუშაობის პროცესი. ამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, ვაფრთხილებთ, რომ კიდევ ერთხელ გადახედოს თავის ნაშრომს, ხომ არ უნდა ცვლილებების შეიტანა, ან კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ სწორად აქვს დაფიქსირებული პასუხი და მხოლოდ ამის შემდგომ დააჭიროს დასრულების ღილაკს“.
მისივე თქმით, ზოგჯერ გასაჩივრება ეხება ტესტის პასუხებს. „აპლიკანტს აქვს უფლება გამოიყენოს საკანონმდებლო მასალა გასაჩივრების პროცესში, თუმცა შემდგომ თავად რწმუნდებიან, რომ კანონში მოცემული განმარტებიდან გამომდინარე, ტესტებში სწორი პასუხია დაფიქსირებული“.
არის შემთხვევები, როცა კონკურსანტი მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს და საჩივარს სწერს. არგუმენტად კი ის ფაქტი მოჰყავს, რომ შეუძლოდ იყო და ვერ გამოავლინა ცოდნა, ამიტომ გამოცდაზე განმეორებით გასვლას ითხოვს. „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. თუ სასწავლო ცენტრს მიმართავს საკონკურსო კომისია და მიუითითებს, რომ აპლიკანტს აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით გავითვალისწინებთ ამ ნიუანსს. თუმცა აუცილებელია, რომ აპლიკანტმა ამის შესახებ ტესტირებამდე განაცხადოს, დასრულების შემდგომ, ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდება“.
როგორც ზვიადაძე განმარტავს, სპეციალური ბრძანების საფუძველზე განცხადების დაწერიდან სამი დღის ვადაში უნდა ეცნობოს აპლიკანტს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გადაწყვეტილება გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები