საჯარო სამსახურებში, კერძოდ კი საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანსიების გამოცხადება და ტესტირების შესაძლო დარღვევები სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოსა და გამგეობებში უკვე მომუშავე თანამშრომლებს, რომელთაც ტესტირების გავლა უწევთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ სპეციალური ტესტები დაურიგა. როგორც შემდგომ გაირკვა, კონკურსანტებს მართლაც აქვთ გარკვეული ვარიანტები, რის მიხედვითაც მეცადინეობენ და ამას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც ადასტურებენ. თუმცა კატეგორიულად უარყოფენ, რომ ე.წ. სავარჯიშო ტესტები საგამოცდო საკითხების იდენტურია.
ჩვენთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის წევრი ბექა მაისურაძე განმარტავს, რომ გურჯაანის გამგეობამ ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან გააფორმა, რომელიც თავად ადგენს საგამოცდო საკითხებს. „ტესტებთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს ვაძლევთ კონკურსანტთა სიას, რომლებიც გადავიდნენ მეორე ეტაპზე. ტესტირების დასრულების შემდეგ, სასწავლო ცენტრი ჩვენ გვაძლევს შედეგებს, ვინ რამდენი ქულა აიღო და ამაში ვუხდით გარკვეულ ანაზღაურებას. არც მათ მიერ მომზადებულ ტესტებზე გვაქვს წვდომა და რაც მედიის საშუალებით გავრცელდა აბსოლუტური ჭორია“.
ბექა მაისურაძე ამბობს, რომ კონკურსანტებს შეიძლება ჰქონდეთ ტესტის ის ნიმუში, რომელიც თავად ეროვნულ საგამოცდო ცენტრს და იუსტიციის სასწავლო ცენტრს ღიად აქვს გამოქვეყნებული. მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ამ ნიმუშს დაემთხვას ტესტირების საკითხები. კონკურსანტების ხელში ასევე შესაძლებელია აღმოჩენილიყო სხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოცდო საკითხები (ტესტები), რომელიც შემდგომ გადაამრავლეს. „ტესტირება ჩარჩოებშია მოქცეული. შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტის ტესტებს რაღაცეები დაემთხვას კიდეც, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არაფერ შუაში ვართ“.
რაც შეეხება საბუთების გადამრჩევ კომისიას, იგი შეცდომით ატვირთულ და შეუსაბამო განაცხადბებს ამოწმებს, რადგან ბექა მაისურაძის თქმით, შეცდომა ხშირად იპარება, თუმცა სადაც შეცდომა და შეუსაბამობა არ არის, ყველა ხვდება ტესტირებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია რომელ ვაკანსიაზე რა საბუთები უნდა წარმოადგინონ, მაინც მოსდით შეცდომები. მაგალითად, დიპლომის მაგივრად სურათი ჰქონდათ ატვირთული, იყო შემთხვევა, როდესაც ქალბატონს მამაკაცის დიპლომი ჰქონდა ატვირთული. სამწუხაროდ პროგრამა ამას ვერ არჩევს, რასაც კომისია აკეთებს“.
გამგეობაში განმარტავენ, რომ ვისაც კომისიის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს, შეუძლია გაასაჩივროს.
მასალის გამოყენების პირობები