საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის „ცვლილებების ორი წელი“ საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება დაახლოებით 830,000 ლარი დაჯდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფომაციით, ამ მიზნებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები ორჯერ გამოიყო: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 19 სექტემბრის მთავრობის განკარგულებით – 268,000 აშშ დოლარი (468,758 ლარი), ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებით – 363,000 ლარი.
მთავრობის კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღების მიზნით მთავრობამ ხელშეკრულებები ათზე მეტ კომპანიასთან გააფორმა. შესყიდვები კონკურენტული ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვების გზით განხორციელდა, თუმცა ეს კონტრაქტები შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება:
დაახლოებით 380,000 ლარის ღირებულების მომსახურება (ვიდეორგოლების განთავსება) მთავრობამ შპს „მედია პორტს“ შეუკვეთა. ამ კომპანიის 60% შპს „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის, რომელსაც ოფშორული კომპანია Redeli Management Limited-ის მეშვეობით დავით იაკობაშვილი ფლობს. „მედია პორტი“ შპს „აუთდორ მედია ჰაუსის“ ერთ-ერთი მფლობელია. ამ კომპანიას 2,500 ლარი სარეზერვო ფონდიდან ფილარმონიის მონიტორზე ვიდეორგოლის განთავსებისთვის გადაეცა.
204,730 ლარის ღირებულების 8 ვიდეორგოლი 2012 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს „კორ პროდაქშენმა“ დაამზადა.
128,600 ლარის ღირებულების ბროშურების დამზადება მთავრობამ შპს „ფავორიტი სტილს“ შეუკვეთა. კომპანიის დირექტორი თეონა თაქთაქიშვილია, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში რეგისტრირებულ კომპანია შპს „დამზადებულია საქართველოში N 1“-ის 100%-ის მფლობელია. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შპს „დამზადებულია საქართველოში N1“-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანია ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კომპანიის, რომელიც სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს აწარმოებს, დირექტორის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ამ ეტაპზე 1,500,000 აშშ დოლარი შეადგინა და საწარმოს ამუშავება 2015 წლის თებერვალში თბილისში უნდა მოხდეს.
„ტელეიმედში" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებისთვის (2014 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 35,000 აშშ დოლარი გამოიყო.
შპს „კვირის პალიტრისგან“ მთავრობამ 6,320 ლარის ღირებულების საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების მომსახურება შეისყიდა. ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“ შემავალ საინფორმაციო საიტებზე საინფორმაციო რგოლისა და ბანერის განთავსების მიზნით შპს „ედვერთლაინთან“ 10,643 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კომპანიის მფლობელიც შპს „კვირის პალიტრაა.“
4,720 ლარის ღირებულების ხელშეკრულება (საინფორმაციო რგოლის – რადიო „უცნობში“ განსათავსებლად) მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულ კომპანია შპს “ედვიჟენს“ გაუფორმდა.
ფიზიკურმა პირმა გოგიტა გოგილაშვილმა ვებგვერდ http://gogaggg.com-ზე საინფორმაციო ბანერის განთავსებისთვის 687 აშშ დოლარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები