საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", თეიმურაზ ბუწაშვილი, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პუნქტით უკმაყოფილოა და ადგილობრივ ხელისუფლებას მათი გადახედვისკენ მოუწოდებს.
როგორც მან speqtri.ge -სთან საუბარში განაცხადა, თითოეული საკითხი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
"პირველი საკითხი სოციალური ბიუჯეტია, რომელიც ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ხალხის წინაშე დგას. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ არსებული თანხა მინიმუმ ასი ათასით კიდევ გაიზარდოს. ეს იმ ადამიანების ბედს შეცვლის, რომლებიც სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მეორე თემა სტუდენტების თანადაფინანსებაა. გახსოვთ ალბათ
ყბადაღებული 10 ათასი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას აჩენდა და ვერანაირად ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს ჩვენი სტუდენტები არიან. არსებული თანხა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, აქცენტი გააკეთოს ახალგაზრდების უკეთეს მომავალზე.
მესამე საკითხი ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. საქმე ეხება ავთანდილ გურგენიძის ცეკვის სტუდიას, რომელსაც წლიური დაფინანსება 37 ათასი ჰქონდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ძალიან ბევრია. მათი ვარაუდით დაფინანსება 11 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი აზრით, ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ანსამბლი, რომელიც წლების განმავლობაში ხმამაღალ სიტყვას ამბობდა რაიონის კულტურულ ცხოვრებაში, ამას არ იმსახურებს. ვთვლით,ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ მომავალ თაობაში კულტურული კერა ჩაკლან, ჩაახრჩონ და არ მისცენ საშუალება ხვალ და ზეგ კარიერული წინსვლისთვის გადადგან ნაბიჯი."-აღნიშნა თეიმურაზ ბუწაშვილმა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატო გონგაძემ განმარტა, 2015 წლის ბიუჯეტში თანხები მიზნობრივად არის განსაზღვრული.
"გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალური პაკეტისთვის მილიონ 224 ათასია გამოყოფილი. კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ეს თანხა გასამმაგებულია. სეზონის მიხედვით პრობლემები ჩნდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გურჯაანს არ აქვს ის ბიუჯეტი, რომ გააათმაგოს სოციალური პაკეტი და პარალელურად, ინფრასტრუქტურასაც მიხედოს. შემოსავლებიც ხომ უნდა იყოს, რომ ბალანსი გამოვიდეს?! ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენს რაიონს საკმაოდ კარგი სოცპაკეტი გააჩნია.
რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას ბიუროზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ ახალ ბიუჯეტში ამ პუნქტისთვის 30 ათასი იქნება გამოყოფილი. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმი, რადგან ასეთი სტუდენტები ძალიან ბევრი არიან. სავარაუდოდ ამ თანხით სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლები დაკმაყოფილდებიან .
გურგენიძეების ანსამბლთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო 37 ათასი ლარი, მაგრამ საკრებულომ გადაწყვეტილება 11 ათასზე მიიღო ."
როგორც საკრებულოში განგვიმარტეს, იმის გამო რომ გურჯაანში მოქმედი სხვა ქორეოგრაფიული ანსამბლები 11 ათასით ფინანსდებიან, გურგენიძეების ანსამბლს თანხა სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით შეუმცირდა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს საკრებულო 10 დეკემბერს დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები