"ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია."
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა.
იგი ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევს.
- "მათი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, აბსურდული განცხადებები და "ნაციონალური მოძრაობის“ სტილის სიცრუე იყო და არის ამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საჯარო განმარტების გაკეთება მომიწია იმისთვის, რომ ბოლომდე გაგვექარწყლებინა შესაძლო ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა, ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები 3 წლის განმავლობაში ყოველდღე ჩვენთან ერთად იყვნენ. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციითვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობებზე რჩებიან, ვინაიდან მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესგარემო ისევ შეშფოთდა, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.
-"ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, თანამებროძოლები და მათ გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებულები და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ დიდ შეცდომას სჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ დაშვებულ შეცდომასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ძლიერი ხელისუფლება და ეს მის დემოკრატიულობაში გამოიხატება.
პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტიანად განაგრძონ მუშაობა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უახლოეს დღეებში დანიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები