საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, "ღია მმართველობის პარტნიორობის" პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.
შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით, 3-4 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გაუძღვება.
რეგიონული მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე წარუდგენენ ხელისუფლების ხედვასა და გეგმებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის მიმართულებით.
შეხვედრა UNDP-ის პროექტ "მმართველობის რეფორმის ფონდისა" და Sida-ს მხარდაჭერით იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, კვლავაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ინიციატივის - "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო გეგმაში. "მთავრობის ადმინისტრაცია განაგრძობს ღია მმართველობის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის, უპრეცედენტოდ მაღალ ღიაობას, ინფორმაციის საჯაროობას და მთავრობის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს ასევე გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლის მიზნით მოეწყობა დისკუსიები.
მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი საქმიანობის გასაჯაროების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
"ანგარიშვალდებულება და ღიაობა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები