„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლების ვებგვერდები გამჭვირვალობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ გადაწყვიტა, შეეფასებინა თორმეტივე თვითმმართველი ქალაქის საკრებულოებისა და მერიების გამჭვირვალობა ამ ორგანოთა ვებგვერდების ანალიზის გზით.
„ამისათვის ჩვენ ინფორმაციის 8 ძირითადი კატეგორიით ვიხელმძღვანელეთ, რომელთა გამოქვეყნება აუცილებელია, რათა დაინტერესებულ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანად მონიტორინგის საშუალება ჰქონდეთ“.
მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე გამჭვირვალედ 12 თვითმმართველ ქალაქს შორის თელავი და ბათუმი დასახელდა. უარყოფითი შეფასება თელავის მერიამ - მხოლოდ ნორმატიული აქტების, ხოლო ბათუმის ადგილობრივმა ხელისუფლებამ -საკრებულოს სხდომების დღის წესრიგების გამოუქვეყნებლობის გამო მიიღო.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ვებგვერდებზე არ არის წარმოდგენილი მერიის თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრების სია, ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს ვებგვერდები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ახალი თვითმმართველი ქალაქის მერიისა და საკრებულოს სექციები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა წარმოდგენილი, თუმცა არ მოიცავს მოქალაქეთათვის საჭირო ინფორმაციას. ასეთია ოზურგეთი, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო მერიასთან და საკრებულოსთან დაკავშირებული ინფორმაციის კატეგორიებში. ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე მცხეთა, ამბროლაური, გორი, ზუგდიდი და ახალციხე აღმოჩნდა, რომლებსაც არც მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გააჩნია და არც შესაბამისი სექცია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე“, - აღნიშნულია კვლევაში.
როგორც ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ინტერნეტის მოხმარებელთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება (2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა 48 პროცენტი მოიხმარს ინტერნეტს), აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე და ამით თვითმმართველი ერთეულის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.
„აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ქალაქების ნაწილმა მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ, რომელშიც აუცილებლად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხაა წარმოდგენილი. ამის მიუხედავად, ქალაქების უმრავლესობა არ აქვეყნებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ძირითად ინფორმაციას, როგორიცაა ნორმატიული აქტები და სხდომების დღის წესრიგი. ასეთი ინფორმაცია საშუალებას აძლევს მოქალაქეს აქტიურად ადევნოს თვალი საკრებულოებისა და მერიის საქმიანობას. ასეთი ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა კი თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების მიღებასთან ერთად, თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის მოქალაქეებს“.
ორგანიზაციის აზრით, სასურველია ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების პროცესის მოწესრიგება სპეციალური კანონით, რომელიც ამ სფეროში ყველა საჯარო ინსტიტუტისთვის ერთიან სტანდარტებს დაადგენს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი რეკომენდაციით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციულმა ქსელმა. მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის კატეგორიებში ასევე უნდა შედიოდეს სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტები, საკრებულოს სხდომების განრიგი და დღის წესრიგი, ინფორმაცია გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ“.
მასალის გამოყენების პირობები