საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგენილია. თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ 26 ოქტომბერს შეასრულა.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რუსულ მხარესთან უკვე მოეწერა. „აეროფლოტსა“ და „სიბირს“ ფრენისთვის 14 სიხშირე ექნებათ და ავიაკომპანიები 7-7 რეისს ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებენ. ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ქართული ავიაკომპანიებიც.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, ჯერჯერობით 7 სიხშირეზე ფრენის სურვილი ქართული კომპანიებიდან „ჯორჯიან ეარვეიზმა“ გამოთქვა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია “აეროფლოტი“ პუტინის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” განმარატავენ, რომ ამ ფრენების განხორციელება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების კიდევ ერთი მავნებლური შედეგია.
“აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, რომელსაც ხელისუფლება განმარტავდა, როგორც აპოლიტიკურ შეხვედრებს, სადაც საუბრობდნენ მხოლოდ ღვინის, დაფნისა, თუ ვაშლის გატანაზე, კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა!
ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ შეხვედრების ერთ-ერთი შედეგი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს.
26 ოქტომბერს საქართველოში ფრენებს იწყებს „აეროფლოტი“ ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლო პუტინის რუსეთისა და ბატონი აბაშიძის პირადი დამსახურებით, პირობები საქართველოსთვის აბსულუტურად კაბალურია.“
გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო უპირობოდ დათანხმდა საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.
„აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე კი ბატონმა აბაშიძემ შესთავაზა რუსულ მხარეს ფრენების აღდგენა 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა რუსულმა მხარემ მოითხოვა, ამ შემთხვევაში არ ამოქმედებულიყო მე-14 მუხლი (რომელიც გულისხმობდა 10 რუსული კომპანიის რეისს და 10 ქართული) პარიტეტის შესახებ. ბატონი აბაშიძე ამ მოთხოვნას დათანხმდა. დასტურად, ქართულმა მხარემ, საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გააგზავნა ნოტა, სადაც გამოხატა მზადყოფნა, უპირობოდ შემოეშვა საქართველოში რუსული ავიაკომპანიები. საქართელოში ფრენაზე სურვილი გამოთქვა 26 -მა რუსულმა კომპანიამ, რომელთა შორის არის ევროპის სანქციებში მოყოლილი კომპანიები, რომელთაც ევროპის ბაზარზე აღარ უშვებენ.
ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გაიარეს კონსულტაცია საქმის სპეციალისტებთან და დარწმუნდნენ, რამდენად წამგებიანია ეს პირობები საქართელოსთვის, ერთი თვის შემდეგ ახალი, მეორე ნოტა გააგზავნეს, სადაც განმარტავენ, რომ ხელშეკრულების მე-14 მუხლი აუცილებელია ამოქმედდეს პარიტეტით 10/10-ზე. რაზეც, რასაკვირველია მიიღეს უარი რუსული მხრიდან! ამ უგუნური ნაბიჯით, დღეს საქართელოს ფრენებზე წესებს რუსეთი განსაზღვრავს!“
ქართულ ავიაბაზარზე რუსული „აეროფლოტის“ შემოსვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა.
რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული რეისები ჩარტერულზე გაცილებით უკეთესია - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. მისივე თქმით, რეგულარული რეისების აღდგენაზე მოლაპარაკება ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
„თუ არ იყო საჭირო რუსეთის მიმართულებით ფრენა, მაშინ 2009 წლიდან, წინა ხელისუფლების დროს არ უნდა დაგვეწყო ეს ჩარტერული რეისები და ვივლიდით ფეხით. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არის საჭირო 21-ე საუკუნეში ავიამიმოსვლა. ამიტომ ეხლა შეთანხმება ასეთია, რომ ჩარტერული რეისების მაგივრად იფრენს რეგულარული რეისები, და 7-ის ნაცვლად თითო მხრიდან იქნება მეტი“, - განაცხადა აბაშიძემ.
ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომლის განმარტებით, ქართული კომპანიები რუსულ კომპანიების პარალელურად, რუსეთის მიმართულებით აბსოლუტურ პარიტეტში იფრენენ.
"ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ეს განცხადება. ეს ჩვეულებრივი ორმხრივი მოლაპარაკებებია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანასთან იმართება, როდესაც სიხშირეები განისაზღვრება და ამ მიმართულებით ჩვენ ასეჩამოვყალიბდით: 14 სიხშირე იყოს ერთი მხრიდან და 14 მეორე მხრიდან. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმება ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ევროკავშირთან, რუსეთი ამ შეთანხმებაში ბუნებრივია, არ შედის და ეს არის ჩვეულებრივი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების პროცესი. არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაქვს ჩვენ რუსეთთან და მივალთ იქამდე, რომ ესეც უნდა გავაუქმოთ - ეს არასწორი ლოგიკაა და ამ თემაზე სპეკულაციები მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები