“ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა იქნება მით უფრო კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დაღესტანი-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით განუცხადა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ კახეთ-დაღესტნის მაგისტრალი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი თქმით ეს პროექტი, საქართველო რუსეთ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
კახეთისა და დაღესტნის დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ პროექტს ლარსის-სასაზღვრო გამშვები პუნქტის ალტერნატივად მიიჩნევს. მისი აზრით, გზის უსაფრთხოების საკითხების შესწავლა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.
„როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი, ურიგო არ იქნება, რომ გვქონდეს ალტერნატივა, რათა საქონელმა იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში არსებული პრობლემები არავის არ მოუხსნია დღის წესრიგიდან და მას გადაწყვეტა სჭირდება,“- განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი.
ეკონომიკის მინისტრისგან განსხვავებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აცხადებს, რომ პროექტი საფრთხის შემცველია. ჯალაღანიას თქმით, გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს ოფიციალურ პირებს არ განუხილავთ.
„ეს არის რუსეთის შიდა საქმე, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთის განვითარების გეგმაშია გათვალისწინებული, თუმცა ნამდვილად ყურადსაღებია, რადგან ის ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს და კითხვებს ბადებს,“- განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა კარასინთან შეხვედრების დროს განხილვის საგანი არ ყოფილა. ის ადასტურებს, რომ საკითხი არც მთავრობის დღის წესრიგში დგას.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე კი გამორიცხავს, რომ რუსეთს ახალი პროექტით სამხედრო დაინტერესება ჰქონდეს. ივლიანე ხაინდრავა ფიქრობს, რომ რუსეთთან დამაკავშირებელ კიდევ ერთ გზას მეზობელი ქვეყანა სხვა ინტერესებისთვის გამოიყენებს.
„ასეთ გზას მე უფრო განვიხილავდი, როგორც რუსული რბილი ძალის მატარებელ ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელს, იმიტომ, რომ რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვს და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული, მილიტარისტული განზრახვებისათვის. სიფრთხილე არის საჭირო და ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აიგება,“- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ.
როგორც დამოუკიდებელი ანაიტიკოსი დემურ გიორხელიძე speqtri.ge-სთან საუბრისას განმარტავს, ეს გზა საქართველოსთვის ნულოვან საფრთხეს შეიცავს და ჩრდილოკავკასიელ ხალხთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით შესანიშნავი საშუალებაა. „კოლექტიური შიზოფრენია გვჭირს, როდესაც ამ გზის უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ და ყურადღებას არ ვაქცევთ ჩრდილოკავკასიელ ხალხს. ხალხს, რომელიც ჩვენით აღფრთოვანებულია, ჩვენი კულტურის უზარმაზარი პატივისმცემელია, სტუმრად ჩასულს ქართულად გელაპარაკება და გვთხოვს, რომ ჩვენთან ჰქონდეთ ეკონომიკურ- კულტურული ურთიერთობა. არაჩვეულებრივი ბავშვები იხვეწებიან, რომ იმ უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება მიეცეთ, სადაც მათი მამები და ბაბუები სწავლოდნენ. ჩვენ კი ამ დროს, რაღაც იდეაფიქსებს გამოკიდებულნი სულელურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. როგორც ჩანს, საქართველოში ვიღაცეები ძალიან არიან დაინტერესებული, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხის ასეთი კარგი დამოკიდებულება საქართველოსადმი მიჩქმალონ. ამ გზის გაკეთება შეიძლება პოლიტიკურ მარიონეტებს არ აწყობდეთ“.
დაღესტნისა და კახეთის დაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პროექტზე მსჯელობა რუსეთის ფედერაციაში უკვე მიმდინარეობს.
საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები