გურჯაანის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა ნიჟარაძემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს, სპორტულ კომპექსში მდებარე აუზთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა.
~
- "- აუზის გარემონტებიდან ზუსტად ორი წელი გავიდა, თუმცა გურჯაანის მოსახლეობა წყლის ჩასხმას დღემდე ვერ ეღირსა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მშეენებელი კომპანია სასამართლოში ჩივის და ამის გამო ვერ ხერხდება სპორტკომლექსის ექსპლოატაციაში შესვლა, შესაბამისად- აუზების ფუნქციონირება. რომელიმე ობიექტზე სასამართლო დავის მიმდინარეობის დროს ხდება მთელი ობიექტის დალუქვა დავის დასრულებამდე. სპორტკომპლექსის შემთხვევაში სხვაგვარადაა. მთელი დატვირთვით მუშაობს დარბაზი, ფიტნესის ოთახი, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობისა და კარატეს წრეები. ადმინისტრაცია ახდენს შენობის მოვლა-განკარგვას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები. ასე რომ, ეს მიზეზი თითიდან გამოწოვილს ჰგავს, არც ის საბაბია სიმართლესთან ახლოს, თითქოს აუზები გაუმართავია და წყალს ვერ იკავებს, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა ბუნებაში არ არსებობს."- აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა ნიჟარაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს, რომ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში, გამოინახოს თანხები საცურაო აუზის ასამოქმედებლად.
გარკვეული პროცედურების გამო, მიმართვა ჯერჯერობით გამგებლამდე არ მისულა. გამგეობაში განმარტავენ, რომ შენობა ექსპლოატაციაში არ შესულა. დავა გამგეობასა და სამუშაოების შემსრულებელ შპს "თემას" შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს და სასამართლოს დასკვნამდე აუზთან დაკავშირებით გამგეობას არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. მისი აღდგენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერი 3 მილიონი ლარი გამოიყო. 2012 წლის 18 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული სპორტკომპლექსი ოფიციალურად გახსნა, თუმცა
გარკვეული სახის სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
ამავე თემაზე:
როგორ გადაწყდება დავა პრეზიდენტის მიერ ნაჩქარევად გახსნილი სპორტკომპლექსის ირგვლივ?
სპორტკომპლექსის გახსნა ექსპერტის დასკვნის შემდეგ იგეგმება
ახალი დეტალები გურჯაანის სპორტკომპლექსის ირგვლივ
მასალის გამოყენების პირობები