გურჯაანის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსის ზაზა უტიაშვილის თქმით, გამგებელმა გია გერგიძემ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, მის ადგილას კი მეგობრის შვილი, გამოუცდელი ახალგაზრდა ვანო შავლიაშვილი დანიშნა. გამგებელი ზაზა უტიაშვილის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობაზე თავისი გუნდით მოვიდა და ეს ცვლილებაც სწორედ ამით იყო განპირობებული.
გურჯაანის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი ზაზა უტიაშვილი თანამდებობიდან 2014 წლის 31 ივლისს გათავისუფლდა. მეორე დღესვე, 1 აგვისტოს მის ნაცვლად სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსად გამგებელმა ვანო შავლიაშვილი დანიშნა.
როგორც ზაზა უტიაშვილი speqtri.ge-სთან საუბრისას განმარტავს, გამგებელმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. „გერგიძემ ყოველგვარი დასაბუთებული ახსნა-განმარტების გარეშე გამიშვა სამსახურიდან. მოვიდა და მითხრა, გათავისუფლებ იმიტომ, რომ უტიაშვილი ხარო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით ვარ გათავისუფლებული, მე მისი გუნდის წევრი რომ არ ვიყავი, იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებდი. საკუთარი გუნდი თუ უნდოდა, გამგეობაში ჰყოლოდა, სახანძრო-სამაშველო სამსახური რა შუაში იყო, ვერ გავიგე“.
უტიაშვილი ასევე განმარტავს, რომ ახლა თანამდებობაზე გამგებლის მეგობრის შვილი, ვანო შავლიაშვილია, რომელსაც სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია.
გურჯაანის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვანო შავლიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თანამდებობაზე გამგებლის თხოვნით და გასაუბრების საფუძველზე დაინიშნა. ვანო შავლიაშვილი ზაზა უტიაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს, რასაც იმით ხსნის, რომ სამსახურის უფროსის გარდა, სხვა არც ერთი თანამშრომელი არ შეცვლილა. „პოლიტიკური ნიშნით როგორ მოხდა გათავისუფლება, როცა სხვა ყველა თანამშრომელი უცვლელად ადგილზეა? ზაზა უტიაშვილის ძმიშვილიც კი ჩვენთან მუშაობს. ბიჭები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას და მათ გაშვებას არც ვაპირებ. იანვრიდან კი, გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის და შემდგომი ცვლილებები შეიძლება ამის გამო მოხდეს“.
თავის მხრივ გურჯანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე განმარტავს, რომ მისი თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ არა მხოლოდ სახანძრო-სამაშველო, არამედ თითქმის ყველა სამსახურის უფროსი შეიცვალა. „ყველა სამსახურის უფროსი გამოიცვალა იმიტომ, რომ მე თანამდებობაზე ჩემი გუნდით მოვედი. ამ ბიჭს, ვანო შავლიაშვილს, ვენდობი და თქვენ თუ გადახედავთ ბოლო დროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობას, მიხვდებით, რომ მშვენივრად ართმევს თავს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ჩემი მეგობრის შვილი, გიდასტურებთ, რომ არის, მაგრამ ესე თუ განვსაზღვრავთ, გურჯაანში მცხოვრები 80% ჩემი მეგობარია და ვანო შავლიაშვილი თუ არა, მაშინ სხვა მეგობარი, მეგობრის შვილი, ან თანაგუნდელი იქნებოდა. თავად ზაზა უტიაშვილიც ვანოს მსგავსად დაინიშნა თანამდებობაზე. ასე რომ მისი პრეტენზია ჩემთვის მიუღებელია“.
აქვე შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გარდა, უფროსები შეეცვალა ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შიდა აუდიტის, კულტურისა და განათლების სამსახურებს. ხელმძღვანელი არ შესცვლია მხოლოდ საფინანსო და სამხედრო აღრიცხვის სამსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები