თელავში 9 აპრილის ქუჩას ჩავუყევით, შიუკაშვილის ქუჩის შესახვევში
პირველივე სახლთან გავჩერდით, მზრუნველი ხელი ეზოს შესასვლელშივე
ეტყობა. „ფიქრიას ყვავილები“ დიასახლისთან ერთად გვეგებებიან.
უამრავი ფერი, კოხტად შეკრეჭილი ბალახი, სასწაული სიმშვიდე, ათასობით
აყვავებული იშვიათი მცანარე, პანდუსი სათბურთან მისასვლელად, - ეს
ყველაფერი ისეთი დამაბნეველი აღმოჩნდა, გადაღება ცოტა ხნით გადავდეთ
და „ედემის ბაღის“ დათვალიერება გადავწყვიტეთ.
ჩვენს ემოციას სასიამოვნო გარეგნობის, აშკარად ერუდირებული მასპინძელი
ქალბატონის ნაამბობი ამძაფრებს. ისეთი გრძნობით გვიყვება მცენარეების
შესახებ, თითქოს მათი სუნთქვა ესმის:
„მარტო ვუძღვები ამ ყველაფერს, მართალია, ხანდახან მეუღლე მეხმარება,
მაგრამ მათთან უცხოს ნამდვილად ვერ მივუშვებ. დილით - 7 საათზე,
პირველ რიგში, ციპერუსთან მივდივარ, წყალი ძალიან უყვარს და თუ
მოაკლდა, მოწყენილია; სინოტივეს ჰაერიდან და ნიადაგიდან ერთნაირად
ისრუტავს. ამ დროს, დანარჩენი ყვავილები მიმზერენ და მეუბნებიან,
„ჩვენ ვიცით, ფიქრია, რომ შენ არ გცალია და მოვითმენთ, ჯერ სხვებს
მიხედე.“ მესმის მათი ხმა და მეც ვესაუბრები: „ ეხლავე მოგხედავთ,
გადაგრგავთ და გაგახარებთ“- ეს დიალოგი მამშვიდებს.“
ფიქრია ცისკარიშვილი 24 წელი მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა
ტექნიკურ კოლეჯში. ყვავილები მისი ჰობი იყო, თუმცა, როგორც თავად
ამბობს, ყველაფერი ღვთის ნებაა და 1997 წელს, როცა მძიმე დიაგნოზი,
კუჭის კიბო დაუდგინეს, დეპრესიის დასაძლევად, მეუღლემ და ვაჟიშვილმა,
რამდენიმე დღეში, ეს სათბური სიურპრიზად დაახვედრეს. სწორედ, აქედან
დაიწყო გატაცების პროფესიად და ბიზნესად გადაქცევის პროცესი.
„მაშინ, ჩემი ვაჟი სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი
იყო და ოჯახის შექმნას აპირებდა. მოგეხსენებათ, რა გაჭირვება ჰქონდა
ყველას. პირველად გადავწყვიტე, ყვავილების გაყიდვა, იმ თანხით
პროდუქტები ვიყიდეთ და ჯვრისწერა გადავიხადეთ. ეს იყო დიდი სტიმული
ჩემს ცხოვრებაში. შემდგომ, ზურა შევარდნაძემ და მე დავიწყეთ
მეგობრობა, ყვავილების გაცვლა-გამოცვლა. არ ვიცი, რამდენი მცენარე
მაქვს, აღწერას არ ვაწარმოებ, თუმცა ზუსტად ვიცი, თითოეულის ადგილი და
დასახელება.“
ყველა სიკეთესთან ერთად, ამ საქმიანობამ უამრავი მეგობარი შესძინა
ფიქრია ცისკარიშვილს, რომელიც წარმოშობით სოხუმელია, მშობლიური კუთხის
დაკარგვით გამოწვეული ტკივილი დღემდე მოჰყვება. ყვავილები კი ახალი
ცხოვრების, ნაცნობებისა და თანამოაზრეების შემოკრების მიზეზად
იქცა.
„უამრავი მეგობარი გავიჩინე, ისეთი კარგი ადამიანები, რომლებიც იშვიათ
ყვავილებს პოულობენ და მჩუქნიან. მე მათ ვუგზავნი სხვადასხვა
მცენარეებს და ასე ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, მოკლედ,
თანამოაზრეების კლუბი შევქმენი.“
ქალბატონი ფიქრია მეწარმეობის განვითერების პროექტის ერთ-ერთი
გამარჯვებულია, ამ პროექტის ფარგლებში, თავისი ბიზნესის
განვითერებისთვის, ახალი გამათბობელი სისტემა დაამონტაჟა, ორანჟერია
გადახურა და მიაჩნია, რომ თუკი ადამიანს შრომა უყვარს, სასწაულების
მოხდენაც შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები