საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ
უკვე დაასრულა სილამაზისა და ტატუ სალონების ინვენტარიზაცია მთელი
ქვეყნის მასშტაბით.
მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ განისაზღვრა იმ
ობიექტების ნუსხა, რომელიც მაღალი რისკის მატარებელი იყო. მისი თქმით,
სილამაზის და ტატუს სალონებში არანაირი რეგულირება არ ვრცელდება.
კვარაცხელიას თქმით, ამ სალონებში ვერავინ შედიოდა და იმასაც კი ვერ
ხედავდა, თუ რა ხდებოდა შიგნით. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება,
რომ აქ ჩართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ამ შემთხვევაში არც
მონიტორინგში და არც შემოწმებებში რეგულაციის სააგენტო არ იღებს
მონაწილეობას, ეს იქნება გაცნობითი ხასიათის ღონისძიებები. შეიქმნა
კითხვარი, რომლის მეშვეობითაც ზუსტი ინფორმაციაა მისაღები, თუ რა
ხდება შიგნით ინფექციური კონტროლის წინააღმდეგ. მისივე თქმით, მათ ამ
დღეების განმავლობაში ძალიან სწრაფად იმუშავეს და ჩაატარეს
ინვენტარიზაცია ყველა სილამაზის სალონის, რომელიც არის თბილისსა და
რეგიონებში, რაც დაახლოებით ჯამში 500-მდეა.
"რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმისგან, რომ ეს ზუსტი რიცხვია და ამ
მიმართულებითაც სამინისტროს თანამშრომლები იმუშავებენ, რომ ყველა
სალონი აღმოაჩინონ და გაატარონ ის ღონისძიებები, რომლებიც არის
გაწერილი სკურპულოზურად", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება მონიტორინგს და გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს სალონებში,
კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ამას მინისტრის შესაბამისი ბრძანება
სჭირდება, რომელიც ხვალისთვის მზად იქნება და მომავალი კვირიდან
დაიწყება მონიტორინგი. ახალი რეგულაცია მინისტრის ბრძანებით მთავრობის
სხდომაზე მომავალ კვირას გავა. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა,
რომ უკვე შემოწმებული 300 სტომატოლოგიური კლინიკიდან 29 სალიცენზიო
ნებართვის გარეშე მუშაობს. კვარაცხელიას განცხადებით, კლინიკებმა 1
კვირის ვადაში უნდა აცნობონ ჯანდაცვის სამინისტროს მათი საქმიანობის
შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.
მიმდინარე მონიტორინგის დასრულების შემდეგ, დაიწყება სტომატოლოგიური
კლინიკების სალიცენზიო პირობების შემოწმება. სტომატოლოგთა ორ ძირითად
ასოციაციასთან მოხდა შეთანხმება და უკვე არსებული რეგულაციები
მიხედვით, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს პანდუსი, უნდა იყოს შესაბამისი
ფართი უზრუნველყოფილი (ძირითად სავარძელზე 12 კვადრატული მეტრი, ყოველ
დამატებით სავარძელზე 7 კვადრატული მეტრი) და უნდა ჰქონდეთ რენტგენის
ფირის წაკითხვის საშუალება. კვარაცხელიას თქმით, პანდუსთან
მიმართებაში კითხვებიც არ უნდა დაისვას, ერთადერთი შეთანხმება იყო
ასეთი, ვისაც უკვე აქვს სტომატოლოგიური კლინიკა და არ აქვს პანდუსი,
რაღაც ფორმით უნდა მოახერხოს მისი შექმნა.
"შეიძლება ეს არ იყოს ისეთი, როგორსაც კანონმდებლობა მოითხოვს - იმ
კუთხით იმ გრადუსით, მაგრამ ვინც ახალ კლინიკას გახსნის, იქ პანდუსთან
დაკავშირებით, ყველა პირობის დაცვას მოითხოვენ".
მასალის გამოყენების პირობები