დასრულდა ტრენინგების კურსი ახალგაზრდებისთვის, რომელსაც ჟურნალისტთა
ასოციაცია „მეცენატი“ ცესკო-ს სსიპ საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური
მხარდაჭერით ახორციელებდა.
მეცენატის დირექტორის მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პროექტი, რომლის
ფარგლებში 40 ახალგაზრდა გადამზადდა, ითვალისწინებდა მათ ინფორმირებას
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
„ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ უკვე მესამე წელია, რაც საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროექტებს
ახორციელებს. წელს პირველად გამოცხადდა პროექტი, რომელიც
ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. გვქონდა სხვადასხვა
აქტივობა, დავბეჭდეთ ფლაერი, რომელიც გავავრცელეთ ახალგაზრდების
თავშეყრის ადგილებში, უნივერსიტეტში, ასევე და კოლეჯ აისსა და მის
ფილიალებში. პროექტის მთავარი მიმართულება იყო ტრენინგები, რომელშიც
მონაწილეობდნენ ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიცილიტეტიდან.
ისინი ძალიან აქტიურები და მოტივირებულები იყვნენ. მე, როგორც ამ
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროექტს შევაფასებდი როგორც უნიკალურს.
ჩვენდა სამწუხაროდ, არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან
დაბალია. ამიტომ ტრენინგების საშულებით მათთვის მნიშვნელოვანია სწორი
მესიჯების მიწოდება. ტრენერმა, ქალბატონმა ნინო იოსელიანმა კარგად
შეძლო მათი დაინტერესება, რამდენიმემ გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ
ჩაერთოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა
აქტივობაში.“
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის ნინო ოთარიშვილის თქმით, მისთვის ეს
სამი დღე ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის
ორგანიზატორებს ამ ბედნიერი და ნაყოფიერი სამი დღისთვის. ვთვლი, რომ
ახალგაზრდებისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის ტრენინგები. ჩემთვის,
როგორც დემოკრატიული ქვეყნის სრულფასოვანი წევრისთვის, და მომავალში
უკვე ამომრჩევლისთვის, ეს სემინარები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როდესაც 2020 წელს არჩევნებზე წავალ, ყველა წესის დაცვით დავაფიქსირებ
საკუთარ აზრს. “
მაია გელაშვილი კმაყოფილია ტრენინგებით და ამბობს, რომ არჩევნებში
ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტთა ასოციაცია
„მეცენატს“, ორგანიზატორებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღნიშნული
პროექტის განხორციელებას. მადლობა ცესკო-ს, რომელმაც იზრუნა
ახალგაზრდებზე, რათა აღგვემაღლებინა ცნობიერება საარჩევნო პროცესების
მიმართულებით. ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა
არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით კარგი გამოცდილება და ცოდნა
მივიღეთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება. გვექნება შესაბამისი ცოდნა
როგორც ამომრჩეველს, ისე არჩევნებში ჩართულ პირებს. გაგვიხარდება თუ
მსგავსი პროექტები კვლავ განხორციელდება. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება
მოახდინა იმიტირებულმა არჩევნებმა.“
იმიტირებული არჩევნები საინტერესო აღმოჩნდა თამუნა
ზირაქაშვილისთვისაც. როგორც მან აღნიშნა, აქვს სურვილი და მოტივაცია,
რომ მსგავს პროექტებში მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა.
„ჩემი აზრით, ეს პროექტი იყო ნაყოფიერი არამარტო ჩემთვის, არამედ
მთლიანი ჯგუფისთვის. ტრენინგმა მომცა ბევრი საინტერესო ინფორმაცია,
რაც ჩემი მომავალი მიზნების მისაღწევად დამეხმარება. ყველაზე მეტად
მომეწონა იმიტირებული არჩევნები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ
ტრენერს და ორგანიზატორებს. ძალიან კარგი იქნება მსგავსი პროექტები თუ
გაგრძელდება. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, რადგან ეს გვაძლევს
დიდ გამოცდილებას განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ
ნაბიჯებს ვდგამთ, ამ მიმართულებით.“
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ტრენინგები ორ ეტაპად
მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ
მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი მოდულების შესახებ: დემოკრატიული
არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის
მონაწილეობის მნიშვნელობა; საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და
არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი; ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ
ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები; კენჭისყრის დღის
პროცედურები; ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.
სემინარს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური ტრენერი ნინო
იოსელიანი უძღვებოდა. ტრენინგები მიმდინარეობდა სასტუმროში „ახაშენი
ღვინის კურორტი“.
მასალის გამოყენების პირობები