დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მარტივი გზა _ დემონტაჟი
გურჯაანის ცენტრში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე წლებია ანტისანიტარიის ბუდედ
არის ქცეული. მოსახლეობას იქ მობინადრე მღრღნელები და საშინელი სუნი
აწუხებს. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ობიექტის დემონტაჟს გეგმავს,
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფართი კერძო პირს
ეკუთვნის.
გურჯაანში "პაპას ბაღისა" და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც "კომუნისტების" დროს
გაკეთდა, უკვე დიდი ხანია, რაც ნაგავსაყრელად არის ქცეული. რამდენიმე
მეტრში მდებარე საპირფარეშო დაბინძურებულია და შესვლა შეუძლებელია.
ამიტომ ხშირად ხალხი მის ნაცვლად ამ მიწისქვეშა გადასასვლელით
სარგებლობს. მოსახლეობას გვირაბიდან ამოსული მღრღნელები და საშინელი
სუნი აწუხებს. "აქვე ახლოს ვცხოვრობ და ამ მიწისქვეშა გადასასვლელის
ბედი მართლაც ძალიან გვაწუხებს. უკვე დიდი ხანია გვირაბი გაუქმდა,
თავის დანიშნულებას აღარ ასრულებს, ნაგავსაყრელად და ტუალეტად არის
ქცეული. ზაფხულში ისეთი სპეციფიკური სუნი ამოდის, ახლოს გავლაც კი
შეუძლებელია. გურჯაანში ერთი ტუალეტია და ისიც ისეა დაბინძურებული,
რომ ხალხი ვერ სარგებლობს, ამიტომ ტაქსის მძღოლები და პატარა ბიჭები
ხშირად იქ ჩადიან," _ ამბობენ თავისუფლების ქუჩა #24-ში მდებარე
კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებმაც ვინაობის დასახელებისგან თავი
შეიკავეს.
მათივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებაზე დიდი
ხნის წინ უნდა ეზრუნა.
"რაც აუცილებელია და მისახედია იმას არ აკეთებენ, ცენტრალური ქუჩაა და
აქ მაინც უნდა იყოს სისუფთავე. ეს ყველაფერი ძალიან თვალშისაცემია
მოსახლეობისთვისაც და ჩამოსული სტუმრებისთვისაც. სჯობია მხოლოდ
პიარისთვის საქმეების კეთებას თავი დაანებონ და ამ გვირაბს დროულად
მიხედონ."
ავთო გეთიაშვილმა, რომელიც "პაპას ბაღში" მუშაობს, გვითხრა, რომ
გვირაბი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ უნდა
მიხედვა.
"იქ ჩასვლა აკრძალულია, მაგრამ ხალხი მაინც სარგებლობს _ ძირითადად
მოზარდები. ტუალეტი იქვეა, რომელსაც მე ვასუფთავებ, მაგრამ უწყლობის
გამო ძალიან დაბინძურებულია და იქ თითქმის არავინ შედის. ჩვენმა
გამგებელმა მითხრა, რომ შადრევნის აშენების შემდეგ იქაც გაიყვანენ
წყალს და რეგულარულად დასუფთავდება," _ ამბობს ავთო გეთიაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის თქმით, ამ
საკითხზე უკვე მიდის მუშაობა და პრობლემა მომავალ თვეში აუცილებლად
მოგვარდება. "აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი სახელმწიფო
საკუთრებაა. იქ არის ყოფილი მაღაზიები, აქედან ორ მათგანზე კერძო
მესაკუთრის მოწმობაა გაცემული. ჩვენ ვფიქრობთ გვირაბის გაუქმებას,
რადგან მართლაც ანტისანიტარიის ბუდეა და ხალხიც არ სარგებლობს
დანიშნულებისამებრ. კერძო პირი ამ ფართს სახელმწიფოს გადმოსცემს, რის
შემდეგაც მომდევნო თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით
მისი დემონტაჟი მოხდება და მიწით ამოივსება."
"სპექტრმა" გაარკვია, რომ კერძო მესაკუთრე, ვისზეც აღნიშნული ფართია
რეგისტრირებული, ტუბდისპანსერის დირექტორი გულიკო გონაშვილია. როგორც
თავად გვითხრა, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და
ინფორმაცია პირველად ჩვენგან შეიტყო.
"ეს ფართი მეუღლემ წლების წინ 5 ათას მანეთად შეიძინა, რომელიც მისი
გარდაცვალების შემდეგ ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. ამ ობიექტის
დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და ისიც გაურკვეველია, რატომ
უნდა გადავცე სახელმწიფოს. ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით არავინ
დამკავშირებია," _ გვითხრა სატელეფონო საუბარში გულიკო
გონაშვილმა.
ამგვარ გადაწყვეტილებას არ ეთენხმება მოსახლეობაც და ამბობს, რომ
გურჯაანის ხელისუფლებას ყველაზე მეტად დემონტაჟი ეხერხება, ისევე,
როგორც ეს თამარ მეფის ქუჩაზე არსებული შადრევანის შემთხვევაში მოხდა.
მათი სურვილია მიწისქვეშა გადასასვლელი მიწით ამოვსების ნაცვლად,
აღადგინონ, რათა გურჯაანს კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი შეემატოს.
"ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოხდეს ამ ობიექტის დემონტაჟი. მაგის
აღდგენა ძალიან კარგად შეიძლება. გარდა მაგისა, იქ ისეთი დიდი ფართია,
შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით. ამის
შედეგად ბიუჯეტშიც დამატებითი თანხა შევა და არსებული პრობლემებიც
მოგვარდება," _ ამბობენ მოქალაქეები და იქვე დასძენენ, რომ ამისთვის
მხოლოდ მონდომებაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები