სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერებს ღორები მასობრივად ეხოცებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,კახეთის ფერმერ ქალთა
ასოციაციის" თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი ავრცელებს.
"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მეღორე ფერმერები კვლავ მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ინტენსიურად იხოცება ღორი. ბევრი ფერმერი
ღორის გარეშე დარჩა. ახალი კერების გაჩენის შესახებ მიღებული
ინფორმაცია მაიძულებს გავასაჯაროო სიღნაღის ვეტსამსახურის გულგრილი
დამოკიდებულება. თურმე მათ კომპეტენციაში არ შედის საკითხის შესწავლა,
შესულ ინფორმაციაზე რეაგირება, დახოცილი ღორებისგან გარემოს
დაბინძურებისა და ანტისანიტარიის ფაქტების გამოვლენა და ალაგმვა.
ფერმერებო, მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაიზარებთ და ნებისმიერი საეჭვო
ფაქტის დაფიქსირებისთანავე ოფიციალურად მიმართეთ თქვენი
მუნიციპალიტეტის ვეტსამსახურს, თუ მათგან არ იქნება მყისიერი
რეაგირება, დაგვიკავშირდით ჩვენ. თქვენ კი, თვითონ გაუფრთხილდით
გარემოს, თქვენს სოფელს და ღია ხევებში ნუ ჩაყრით მკვდარ საქონელს,
რასაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს,"- წერს ირინე
ფხოველიშვილი.
speqtri.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. ფაქტის შესახებ
აღნიშნული სამსახური ინფორმირებულია და მონიტორინგს ახორციელებს.
-" მადლობას ვუხდით იმ პირებს, ვინც აღნიშნულთან დაკავშირებით
ინფორმაცია მოგვაწოდა. ამჟამად მონიტორინგს ვახორციელებთ. თუმცა
თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ამას ეპიდემიის ხასიათი არ აქვს.
კონკრეტულად რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, უცნობია, იმიტომ, რომ
ინფორმაციის მოწოდება არ მოხდა დროულად. აღებული ნიმუშები
ლაბორატორიული კვლევისთვის გამოსადეგი არ აღმოჩნდა. მოვუწოდებთ
მოსახლეობას, პირუტყვის დაავდების შემთხვევაში, დროულად მოახდინონ
ვეტერინარის ინფორმირება, რათა მოხდეს დროული ჩარევა. ამავე დროს,
ცხოველის დახოცვის შემთხვევაში, ვეტერინარის ზედამხედველობით მოხდეს
პირუტყვის შესაბამისი წესებით დამარხვა,"- აღნიშნა ეროვნული
სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები