ოფიციალური ინფორმაციით, 1 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით,
საქართველოდან ექსპორტის სახით 2603 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა,
თუმცა, ფერმერები რეალიზაციის პრობლემასა და დაბალ ფასზე კვლავ
აქტიურად საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი კი მომავალი წლისთვის ატმის
გაჩეხვასაც აპირებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 84 წლის ლადო
ბერულაშვილს 400 ძირი ატამი ორჯერ დაესეტყვა, როგორც ამბობს, მოსავალს
ვერც ბაზარში ყიდის და არც „ქართული ხილის კომპანია“იბარებს.
„დანახარჯებს ვერ ვანაზღაურებთ. აი,ესაა ჩვენი სატკივარი. ატამი
ხარისხიანი არ არის, დასეტყვილია და ხილის ქარხანაც აღარ იბარებს.
ყოველდღე, სახლის წინ
, ცენტრალურ გზაზე გამომაქვს, მაგრამ სად
არის მყიდველი?! ათკილოიან ვედროს სამ ლარად ვიხვეწები და არ მიაქვთ,
პურის ფულსაც ვერ ვშოულობ. შარშან შედარებით კარგი სიტუაცია იყო,
ვედროს ექვს ლარად მაინც ვყიდდი.“
სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები თამაზ ქურციკიძე რეალიზაციის პრობლემით ისეა
შეწუხებული, რომ სამომავლოდ ატმის გაჩეხვას აპირებს.
„საუკეთესო ხარისხის ატამი 10 თეთრად გავყიდე. 50 თეთრი
დავაფასე, მაგრამ არავინ წაიღო, ხომ არ გადავყრიდი. რაღად მინდა
ატამი, ავდგები და გავკაფავ. ვალებს ვერ ვფარავ, იმდენი ხარჯია და
რაღა მრჩება?! ახლა ამბის გასაგებად მოვედი, ხილის ქარხანას მინდა
ჩავაბარო, მსხვილი ატამია, ვიკითხავ ჩაიბარებენ თუ არა, ადგილზე რომ
მივიტანთ მერე კარგ ფასს აღარ გვაძლევენ, იძულებული ვხდები ისევ უკან
წავიღო. გასულ წელსაც ასე იყო, ჩვენი პატრონი ვინ არის?! რაც
მოყვანაში დავხარჯე, იმასაც ვერ ვიღებ, აქეთ ახალი ვალი მედება, 25
ლარს ვუხდი ერთ მუშას. 2 ჰექტარი ატმის ბაღი მაქვს, ერთი მოწამლა 200
ლარამდე ჯდება, ექვსჯერ მოვწამლე და ამისი ფასი რა უნდა
ავიღო?!“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ინთიგამ ახმედოვი
ჩუმლაყის ბაზარზე ერთ ყუთ ვაშლატამას ორ ლარად ყიდულობს. მისი თქმით,
ხილს დაბალი ფასი იმიტომ აქვს, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ქართული
პროდუქცია ვეღარ გააქვთ.
„ხალხი მეცოდება, აბა, ეს რა ფასია?! მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ.
აზერბაიჯანის მხარეს ვერ გადავიტანთ, გზა დაკეტილია და საქართველოდან
საქონელი იქ ვეღარ გაგვაქვს. სოფლებში უნდა ჩამოვიარო და ისე გავყიდო,
მე რაღა დამრჩება. შარშან აქ 80 თეთრად ვყიდულობდი და აზერბაიჯანში
ლარნახევრად ვყიდდი.“
„ქართული ხილის კომპანიის“ მენეჯერის კახა კიტიას თქმით, ატმის მიღება
17 ივნისს დაიწყეს. თავდაპირველად ხილს შედარებით მაღალ ფასად
იბარებდნენ.
„დღეის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში,
ყაზახეთსა და ბელორუსიაში, 400 ტონა ატამი და ვაშლატამაა გასული.
თავიდან 80 თეთრში ვიბარებდით ვაშლატამას, ახლა პირველ და მეორე
ხარისხს 60 თეთრად ვღებულობთ. ფასი იმიტომ შემცირდა, რომ გზა ჩაკეტილი
იყო ლარსზე, რამდენიმე დღეა პრობლემა მოიხსნა, ახლა მანქანებმა უკვე
გაიარეს საბაჟო და რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან. ატამი
თავდაპირველად 1-დან 1.10 ლარამდე მერყეობდა, დღეს კი ხარისხის
მიხედვით 80 თეთრად ვღებულობთ. მესამე ხარისხს 25 თეთრად ვიბარებთ.
ამაში ითვლება ნასეტყვი, ჭიანი, ცოტა მომპალი ხილი, ისეთი, რომელსაც
ადამიანი სახლისთვის არ იყიდის. შპს „კულას “ დღეში 15-დან 20 ტონამდე
ასეთი ხილი გააქვს. 24 -საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და მხოლოდ ერთი დღე
გავჩერდით, წვიმამ შეგვიშალა ხელი. ხალხი შეშინებულია და ჩვენთან არ
მოაქვს პროდუქტი, რაღაც ჭორებს ავრცელებენ. არ არსებობს ხილი, რომელიც
არ მიგვიღია, აქ მოსული უკან არავინ გაგვიბრუნებია. ხარისხიანსაც
ვიბარებთ და უხარისხოსაც, რაც ქარხანა ამუშავდა, მას შემდეგ ამას
ვამბობ.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს
პოზიცია
„მე ვიყავი ადგილზე და ვფიქრობ, რომ სიტუაცია ნორმალურია
ნორმალური ფერმერებისთვის. მდგომარეობა შეიძლება იყოს არანორმალური
ისეთი ფერმერისთვის, რომელთაც ჰექტარზე მოსავლის მინიმალური რაოდენობა
მიიღეს და ითხოვენ, ერთი კილოგრამი ლარი ღირდეს. ფასს ადგენს
მოთხოვნა- მიწოდება და 20-25 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს.
შეფერხება რეალურად არ არის. ვიღაცეები იძახიან, აზერბაიჯანში
ექსპორტი აღარ ხდებაო. არადა, გუშინდელი მონაცემებით ამ ქვეყანაში 255
ტონაა ექსპორტირებული. აზერბაიჯანის მხარეს შესაძლებელია, იყო
პრობლემები და სხვადასხვა პირობები წაუყენეს რეალიზატორებს, მაგრამ
ჩვენი საბაჟო აბსოლუტურად სუფთად მუშაობს. დიდი რაოდენობით ცარიელი
ყუთები შემოჰქონდათ და საბაჟომ გააფრთხილა, რომ ეს განბაჟებას
ექვემდებარება. ჩემს კოლეგებს ვთხოვე, მაქსიმალურად შევეცადოთ,
ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნას-მეთქი. ლარსიც გაიხსნა და ორი მანქანა
გადავიდა, ვფიქრობთ, რომ ეს გადაზიდვების თვითღირებულებას შეამცირებს.
უფრო ხარისხიანი ატამი შემოვა და ვვარაუდობთ, ფასი მაღლა აიწევს.ჯერ
არ მინახავს ფერმერი, რომელიც ამბობს, რომ აღარ ჩამოკრეფს და ხეზე
დატოვებს მოსავალს.“- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.
მისივე თქმით, ფერმერებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში
მდებარე „ქართული ხილის კომპანიაში“ მოსავლის უპრობლემოდ ჩაბარება
შეუძლიათ.
„თუ იქნება ისეთი პრეცედენტი, რომ ქარხანა უარს განაცხადებს
მიღებაზე, მაშინვე გვაცნობონ და სასწრაფო რეაგირებას მოვახდენთ.
ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ისიც კი გააჟღერა , რომ ჩვენ ვიყიდით
ატამს გლეხისთვის სასურველ ფასადო. ჩვენ გვაქვს ღია ტიპის ეკონომიკა,
გამორიცხულია გლეხისთვის სასურველ ფასად იყიდო პროდუქცია.
მომხმარებელსაც ხომ ანგარიში უნდა გაეწიოს, რომ საქართველოში 3 და 5
ლარად ატამი არ იყიდოს.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ამავე პერიოდში
(1 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით) ექსპორტზე 466 ტონა ატამი და
ვაშლატამა გავიდა, ხოლო 2014 წელს-2154 ტონა.
მასალის გამოყენების პირობები