სოფლის მეურნეობა
სოფელ დუისში საირიგაციო არხის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში აღდგენილი საირიგაციო არხი დაათვალიერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ, დუისის ტერიტორიაზე არხის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო სათავე ნაგებობა და სარეგულაციო ფარი. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს, სარწყავი სეზონისათვის სოფელ დუისში 70 ჰექტარი მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი იქნება. ხეობაში სამელიორაციო პროექტების განხორციელება ეტაპობრივად გაგრძელდება.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია საზღვრისპირა და მაღალმთიანი სოფლების ხელშეწყობა.რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას სარწყავი წყლის პრობლემა წამოიჭრა, ჩვენ სამუშაოები ჩავატარეთ და დღეს, არხში წყალი უკვე გაეშვა. პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან დიდი რესურსია და შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,დიდი დაინტერესებაა ახალგაზრდების მხრიდან და ვეცდებით, მათთვის საინტერესო პროექტები განვახორციელოთ," -აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელირაციო ინფრასტრუქტურის 25 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა, მათ შორის 3 პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი კახეთის რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 13 600 ჰექტრამდე გაიზარდა.

აღნიშნული არხი არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვისთვის გამოიყენება, არამედ 5 წისქვილს აწვდის წყალს. 
| Print |
FaceBook Twitter Google