სოფლის მეურნეობა
"რაში უნდა გადამახდევინონ თანხა, როდესაც მიწა უკვე ჩემია?"
66 წლის ავთანდილ ყალაბეგაშვილს ჰექტარნახევარი მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებს და იქ მოყვანილი მოსავლით ოჯახს ინახავს.


როგორც თვითონ გვიყვება, ინფორმაცია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ტელევიზიიდან გაიგო და კითხვებიც გაუჩნდა. ავთანდილ ყალაბეგაშვილის თქმით, თავის დროზე საბუთი ყველა ნაკვეთზე აქვს აღებული და ახლა მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ხელახალი აზომვები.
"შევარდნაძის დროს, როდესაც მიწები დაგვირიგეს, საბუთიც მოგვცეს. ისინი დღემდე შენახული მაქვს. აქ წერია, რომ მიწა ჩემი საკუთრებაა. წლების განმავლობაში ვსარგებლობ და არანაირი პრობლემა არ მქონია, ახლა რაღა მოხდა? როგორც ლაპარაკობენ, ნაკვეთების გაფორმება ახლიდან უნდა დაიწყოსო. იმასაც ამბობენ, ერთი ნაკვეთის ნახაზი, 30 ლარი დაჯდებაო. არ მესმის, რაში უნდა გადამახდევინონ თანხა, როდესაც მიწა უკვე ჩემია?" _ ამბობს ის.


მისგან განსხვავებით მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ალიკა ვარდოსანიძე.
"მთელი დღე მინდორში ვარ გასული და სახლში ისეთი დაღლილი მოვდივარ, ტელევიზორსაც ვეღარ ვუყურებ. ინფორმაცია თქვენგან გავიგე. მიწის საკუთრების საბუთები, რა თქმა უნდა, მაქვს. ერთ რამეს ვერ ვხვდები, რაღა უნდათ, ნაკვეთები ხომ მოგვცეს? დაგვანებონ თავი! ზედმეტ საწვალებელს და პრობლემას რად უქმნიან ადამიანს?! ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფა, იმაზეც რომ არ ვინერვიულოთ, ნაკვეთები მთავრობამ არ წაგვართვას?"


2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველად მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. დაინტერესებულ პირებს ერთი წლის ვადა ექნებათ იმისთვის, რომ მოიპოვონ ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნულ სააგენტოს ექნება უფლება განკარგოს, ან გაასხვისოს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთები.


კანონში ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს". მთავარი იურისტის თეო ზაქარაშვილის თქმით, ორგანიზაცია ამ ცვლილებაში კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის რისკებს ხედავს.
"პარლამენტში საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებაა შესული, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობა მის უკან გატანას აპირებს. კანონპროექტი, თავისი შინაარსით, საფრთხეს უქმნის საკუთრების საკითხს. შეიძლება მოქალაქეებს შეეზღუდოთ ან აღარ მიეცეთ შესაძლებლობა დაირეგისტრირონ მიწები, რომელსაც ახლა ფლობენ. რეკომენდაციაში მივუთითეთ, რომ უნდა გამოითხოვონ ეს კანონპროექტი და სწორედ იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა, შეიქმნას ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხს მოაწესრიგებს."-აღნიშნა მან.


მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა.
"კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდეს. ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მქონე პირები დაკარგავენ მიწაზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას. იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, ერთი წლის ვადაში შეიძლება ვერ მოახერხონ საკუთრების რეგისტრაცია. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მნიშვნელოვნად გართულდება."


პარლამენტში 11 მარტს პირველი მოსმენით განიხილეს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გიორგი ღვინიაშვილმა და გიგი წერეთელმა წარადგინეს.
პარლამენტის წევრის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, კანონში ცვლილება ახლა უკვე ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.
"ფაქტია, რომ ეს ძალიან პრობლემური საკითხია. 2012 წელს პირადად ჩემი ინიციატივა იყო ამ მიწების აღრიცხვა, რადგან გლეხი საშიშროების წინაშე იდგა. მაშინ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. ვფიქრობ, ეხლა აღარ უნდა გაუჭირდეს ხელისუფლებას ამ კანონპროექტის მიღება, თუ, რა თქმა უნდა, მათი ნება იქნება,"-განმარტა მან.


საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, რომ პარლამენტში უკვე არსებობს ანალოგიური კანონპროექტი და ამ საკითხზე ინიციატივას მთავრობაც ამზადებს.
იმის გასარკვევად თუ როდის დაიწყება მიწების რეგისტრაცია და რა პროცედურების გავლა მოუწევს მოსახლეობას, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. აღნიშნულ სტრუქტურაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განმარტეს, რომ ამ საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით კითხვებზე პასუხი არ აქვთ.

| Print |
FaceBook Twitter Google