სოფლის მეურნეობა
გიორგი ღვინიაშვილი-კანონში ცვლილება ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული
დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ღვინიაშვილისა და გიორგი წერეთელის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებას 111-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, თუ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით უძრავ ნივთზე არ დასტურდება სხვა პირის მართლზომიერი მფლობელობის უფლება, თუ მას ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სხვა სახის მტკიცებულება გააჩნია, პირის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი ახდენს ქონების საკუთრებაში უსასყიდლო რეგისტრაციას. ხოლო, თუ უძრავი ნივთის მფლობელი პროექტით წარმოდგენილი ზემოხსენებული ცვლილების მიღებიდან ხუთი წლის ვადაში არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება გადაეცემა სახელმწიფოს.

პარლამენტის წევრის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, კანონში ცვლილება ახლა უკვე ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.
„ფაქტია, რომ ეს ძალიან პრობლემური საკითხია. 2012 წელს პირადად ჩემი ინიციატივა იყო ამ მიწების აღრიცხვა, რადგან გლეხი საშიშროების წინაშე იდგა. მაშინ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. ვფიქრობ, ეხლა აღარ უნდა გაუჭირდეს ხელისუფლებას ამ კანონპროექტის მიღება, თუ, რა თქმა უნდა, მათი ნება იქნება,“-აღნიშნა მან.

დღევანდელ საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, რომ პარლამენტში უკვე არსებობს ანალოგიური კანონპროექტი და ამ საკითხზე ინიციატივას მთავრობაც ამზადებს.

| Print |
FaceBook Twitter Google