სოფლის მეურნეობა
კახეთში 179 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდება

კახეთის რეგიონში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში ოცმა ბენეფიციარმა დაფინანსება უკვე მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში  პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, პაატა ბუცხრიკიძის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერეს.

პაატა ბუცხრიკიძე პროგრამაში 2015 წლის 16 დეკემბერს ჩაერთო და 7.5 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 45,308 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 30,450 ლარი ნერგებზე ხოლო 14,858 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 179 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი, ხურმა, ბროწეული და ბალი გაშენდება.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 954 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 5 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% -ს.


| Print |
FaceBook Twitter Google