სოფლის მეურნეობა
დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს გადაეცემა
"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს ბიუროს  სხდომაზე წარუდგინა.
პროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.

როგორც მთავრობა განმარტავს, დღეს მიწების უმეტესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხდებოდა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი არსებობდა.

ამჟამად მიმდინარეობს საძიებო კატალოგის შედგენა, უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში ასახვა, ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნა, დოკუმენტების დიგიტალიზაცია, რეგისტრირებულ მონაცემებზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მოწესრიგება. ასევე მიმდინარე თვეებში დაინერგება საამზომველო საქმიანობის ლიცენზირება, რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი მიეცემა.
ამასთან, კანონპროექტი პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განმარტეს, შეიძლება ისეთი მიწის ნაკვეთები "გაიპაროს", რომელზეც უფლება დასადგენია და მისი პრივატიცაზია მოხდეს.




| Print |
FaceBook Twitter Google