"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 2014 წლის პრიორიტეტების გამოსავლენად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ ჯიქურაშვილი რამდენიმე დღის წინ სოფელ გურჯაანისა და ჭანდრის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ორივე სოფლის მოსახლეობამ თითქმის ერთი და იგივე პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სოფელ გურჯაანში ადგილობრივებმა წინა პლანზე სანიაღვრე არხების, სავარგულებთან მისასვლელი გზების და წყლის პრობლემა წამოწიეს.
ამავე სოფლის მაცხოვრებელმა ნოდარ გუგულაშვილმა, გამგებელთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მოსაზრებებს მომავალში გაითვალისწინებენ.
"სოფელში სასმელი წყალი არ არის, ორ დღეში ერთხელ მოდის და ისიც ცოტა რაოდენობით. ვფიქრობთ, გრაფიკი უნდა გამოსწორდეს. ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც ნაკვეთებში მისასვლელი გზაა, რომელიც იმდენადაა დაზიანებული, მინდორში რომ გვინდა წასვლა, გურჯაანიდან ან ჭანდრიდან ვუვლით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა გლეხი კაცისთვის. დღეს გამგებელმა მოისმინა ჩვენი გასაჭირი და დახმარებას დაგვპირდა. თუკი ამ საკითხებს მოაგვარებენ, მადლობლები ვიქნებით,"-აღნიშნა მან.
სოფელ ჭანდრის მოსახლეობას, შიდა საუბნო გზების და წყლის სათავე-ნაგებობების პრობლემა აწუხებს.
"სოფელში პრობლემა ბევრია, მაგრამ ასე უცბად ყველაფერს ვერ გააკეთებენ. ამას გარკვეული დრო სჭირდება. მოსაწესრიგებელია წყლის სათავე ნაგებობა, გასაკეთებელია შიდა საუბნო გზები, რომელსაც უკვე წლებია ყურადღება აღარ ექცევა. წვიმისა და თოვლის დროს უარესად ზიანდება. ხალხი ასფალტს კი არ თხოულობს, უნდათ, რომ უბრალოდ ქვიშა მაინც დაიყაროს და გადასწორდეს. ალბათ, ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. გვინდა ამის იმედი გვქონდეს,"-გვითხრა სოფელ ჭანდრის მკვიდრმა გივი გველუკაშვილმა.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა განაცხადა, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. მისივე განმარტებით, ეს მომავალი წლის სამუშაოების სწორად დაგეგმარებაში დაეხმარებათ.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები