2014 წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტების დაგეგმარების კონტროლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ თავზე აიღო. თუ აქამდე კრებას მხოლოდ რწმუნებული ატარებდა, დღეს ყველა შეხვედრას ემზარ ჯიქურაშვილი ესწრება.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ ჯიქურაშვილი ამჯერად ახაშნის, ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმაში აქტიურად ჩართვა სთხოვა და შეძლებისდაგვარად დახმარებაც აღუთქვა.
ახაშნის მოსახლეობამ გამგებელთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად სპორტული დარბაზის გაკეთებაც მოითხოვა.
-"სოფელში კი არის რაღაც პრობლემები, მაგრამ გვინდა პირველ რიგში სპორტდარბაზი გააკეთონ. მოზარდები დღის განმავლობაში ბირჟაზე სხედან. დარბაზი რომ იყოს, დაინტერესდებიან, გასართობი გამოუჩნდებათ და მთელი დღე ქუჩაში აღარ გაატარებენ. ასეთი რამ სოფლისთვის აუცილებელია. ტრენაჟორები და ჩოგბურთის მაგიდები რომ დადგან, უკეთესი იქნება."-გვითხრა ილია კობიაშვილმა.
ახაშნელებისგან განსხვავებით, ამბულატორიის პრობლემის შესახებ ისაუბრეს ჩუმლაყელებმა. ამბულატორიის ექიმს ნათია ახალაურს წინასწარ პრიორიტეტების დაგეგმვა სწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ მოსახლეობის მიერ წამოჭრილი საკითხები აუცილებლად გადაიჭრება.
-"პირველ რიგში გვინდა, რომ ამბულატორია, რომელიც ყიტაანისკენ მიმავალ გზაზეა, ზემოთ, სოფლის ცენტრში ამოიტანონ. ადგილობრივებს ქვემოთ ჩამოსვლა უჭირთ, ამიტომ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორად ეს საკითხი დავაყენეთ. არის კიდევ სხვა პრობლემებიც და იმედია ისინიც გადაიჭრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გამგებელს ყიტაანის გზის გაკეთებისთვის. ეს თემა წლების განმავლობაში ლაპარაკის დონეზე იყო, საქმე რასაც ჰქვია, მხოლოდ ახლა გაკეთდა,"-გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა აღნიშნა, კმაყოფილია იმით, რომ მოსახლეობა შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს.
-"რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.Dიგეგმება მომავალი წლის პრიორიტეტები. რაღაც სასიკეთო ძვრები უკვე შეინიშნება. მაგალითად, ყიტაანში გაკეთდა გზა, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, ახაშენში გაგრძელდა შეჩერებული გაზსადენის მშენებლობა. ამ სიკეთეს მოსახლეობაც ხედავს. ჩემთან ერთად სპეციალისტები და ხარჯთაღმრიცხველებიც დადიან, რომლებიც შემდეგ უკვე აგრძელებენ იმ სამუშაოების აღწერას, რაც მოსახლეობამ პრიორიტეტად დააყენა. თანხა სწორად უნდა იყოს გათვლილი, რომ შემდეგში გზადაგზა პრობლემები აღარ შეიქმნას. სამუშაოები რაც ადრე დაიგეგმება, უფრო უკეთესად შესრულდება. ჩვენი ინტერესია ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს. წლის ბოლომდე რაიონის ყველა სოფლის მოსახლეობას შევხვდებით,"-აღნიშნა მან.
ყიტაანში სტუმრობისას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ჩუმლაყი-ყიტაანის გზაც მოინახულა, რომლის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება. ამჟამად იქ ტრაქტორებისთვის სპეციალური გადასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს, რათა მძიმე ტექნიკამ გზის საფარი არ დააზიანოს. როგორც ყიტაანის მოსახლეობამ აღნიშნა, კომუნისტების შემდეგ, ეს გზა ასე კაპიტალურად არ გაკეთებულა.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები