სოფელ ვაჩნაძეანში კულტურის სახლი 1989 წელს საზეიმოდ გაიხსნა და დაახლოებით 3-4 წელი ფუნქციონირებდა. ამ ხნის მანძილზე მას მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა: გახსნილი იყო წრეები სხვადასხვა აქტივობებისთვის, ტარდებოდა სოფლის კრება, ხდებოდა ფილმების ჩვენება და ა.შ. შენობა უკვე წლებია უპატრონოდ არის მიტოვებული და რამდენჯერმე გაიძარცვა კიდეც.
სოფლის მოსახლეობა გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ერთ დროს მათთვის საამაყო ადგილს, ახლა ასე გაპარტახებულს ხედავს.
-"სოფელში უნიკალური შენობა გვქონდა და ნახეთ, ეხლა რას ჰგავს! რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა კინოფილმები, ტარდებოდა კრებები და ღონისძიებები. შემდეგ გაძარცვეს და ყველაფერი დაიტაცეს. შიგნით რომ შეხვიდე, ისეთი მდგომარეობაა, აგეტირება. რამდენიმე წლის წინ მერაბიშვილი იყო ჩამოსული. კულტურის სახლს ჭერი ოდნავ ჰქონდა დაზიანებული. რომ დაინახა, არ ვიცი რა არ მოეწონა, იკითხა ეს რას ჰგავს, სახურავი გადახადეთო. ამათაც ხომ მეტი აღარ უნდოდათ, დაესივნენ და სულ გაზიდეს ყველაფერი. მე ჩემი ცხოვრება უკვე გავლიე, მაგრამ შვილები და შვილიშვილები მყავს. მინდა მომავალმა თაობამ შენობა ისე გამოიყენოს, რა დანიშნულებაც ჰქონდა,"-გვითხრა კუკური მოსემღვდლიშვილმა.
მის აზრს იზიარებს მანანა ხაბაზიშვილიც და ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლისთვის კულტურული დაწესებულების შენარჩუნება.
-"ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული. ზაფხულობით ქვეწარმავლებითაა სავსე. ყველა სოფელში კი არ არის ასეთი კულტურული კერა. თავის დროზე ძალიან გვეამაყებოდა, რომ კეთილმოწყობილი კულტურის სახლი გვქონდა, ეხლა კი თქვენ თვითონაც ხედავთ რა დღეშია. პატრონი რომ გამოუჩნდეს, შესაძლებელია თავის ფუნქცია დაიბრუნოს: გაიხსნას ცეკვისა და სიმღერის წრე, ჩატარდეს კონცერტები და ა.შ. ყველას ხომ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვი რაიონში ატაროს. უკვე ჩამონგრევაზეა და ხვალ და ზეგ რა მოუვა, არავინ იცის. ამიტომ ვფიქრობ, დროულად უნდა ყურადღების მიქცევა. იქნებ ხელმძღვანელობამ გულთან მიიტანოს ეს საკითხი."
დაიბრუნებს თუ არა მომავალში თავის პირვანდელ სახეს ვაჩნაძეანის კულტურის სახლი?-ამ კითხვაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა:
-"ძალიან დიდი შენობაა და მისი აღდგენის საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება. სტრატეგიულად კარგი ადგილია, გზის პირია და ტერიტორიაც საკმაოდ ვრცელია. ვფიქრობთ, იქნებ გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც ამ შენობაში სოფლისთვის სასიკეთო რამეს გააკეთებს. ამჟამად მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ ეკლესიასთან მდებარე კლუბის შენობის აღდგენა მაინც მოხდეს, სადაც ბავშვებისთვის გაიხსნება ცეკვისა და სიმღერის წრეები და ჩატარდება ღონისძიებები. ალბათ, მომავალში ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება."
ემზარ ჯიქურაშვილის თქმით, სოფელ ვაჩნაძეანის კულტურის სახლის შენობა პრივატიზაციის ნუსხაში ჯერ არ შეაქვთ, მაგრამ თუ მომავალში დადგება მისი გაყიდვის საკითხი, აუცილებლად მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდება, რადგან ფიქრობს, რომ ობიექტი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები