სოფელ გურჯაანის, ზემო წითელ უბანში ასფალტი ბოლოს კომუნისტების დროს დააგეს. როგორც მოსახლეობა ამბობს, მას შემდეგ ადგილობრივი ხელმძღვანელობა პრობლემას მხოლოდ ხრეშის დაყრით აგვარებს, თუმცა, ციცაბო დაღმართზე ყოველი წვიმის შემდეგ მდგომარეობა უარესდება.რწმუნებული კი თვლის, რომ საუბნო გზების შეკეთება საფუძვლიანად მაშინ მოხდება, როდესაც სოფელს საკუთარი ბიუჯეტი ექნება.
გადათხრილ გზაზე, სადაც მანქანით კი არა ფეხით გავლაც შეუძლებელია, წვიმის დროს ისეთი გუბეები დგება, გვერდს ვერ აუვლი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლების განმავლობაში ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ხრეშის დაყრით ცდილობდა. რადგან საუბნო გზა მკვეთრი დაღმართია, წვიმის შედეგად ისევ ირეცხებოდა.
"დავით მესხიშვილი გამგებლობის პერიოდში, უბანში რამდენჯერმე მოვიდა. მაშინ ვუთხარი, ხომ ტყუილად დადიხართ, მოხვალთ-წახვალთ და გაკეთებით არაფერს აკეთებთ-მეთქი. არ მოეწონა და მითხრა: ქალბატონო მასე რად ამბობთო?! რამდენიმე კვირის შემდეგ, ზუსტად ერთი მანქანა ხრეში მოიტანეს, ცოტა გადაასწორეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. ამას წინათ დაახლოებით 6 მანქანა ხრეში ისევ დაყარეს, წესიერად არც კი გადაუსწორებიათ. იმხელა ლოდებია, რომ შეიძლება ადამიანმა ფეხიც კი მოიტეხოს. იქით უბანში კატოკით დატკეპნეს, აქაც რომ ასე გაეკეთებინათ, კიდევ არაუშავს, მაგრამ მოხრეშვით პრობლემა მაინც არ გვარდება და ამით ვის მოტყუებას ცდილობენ, არ ვიცი. ამის შესახებ რწმუნებულსაც ვესაუბრე, მითხრა: თქვენი უბნიდან იყვნენ და გზის მოხრეშვა გვთხოვესო. ვიცი, რომ ჩვენიდან არავინ ყოფილა,"-გვითხრა ამავე უბნის მცხოვრებმა მზია ქათამაშვილმა და აქვე სანიაღვრე არხების პრობლემებზეც ისაუბრა.
-"რამდენჯერაც ხელმძღვანელობა შეგვხვდა, სულ იმას ვეუბნებოდი, თუ სანიაღვრეები არ გაკეთდა, რაც უნდა დაყაროთ, ამ გზას არაფერი ეშველება-მეთქი. ზემოთ უბნის მოსახლეობამ თავიანთ გამოსავალში ტრუბები თვითონ ჩააწყო. რწმუნებულმა მუშები გამოგზავნა და ჩემი ეზოს გასწვრივ, ვითომ რაღაც ამოჩიჩქნეს და თავი დაანებეს. ისიც, რამდენჯერაც წვიმა მოვა, ისევ ქვიშით ივსება. მე არ მაქვს საშუალება, რომ ეს სანიაღვრე არხი ჩემი ხარჯებით გავაკეთო. არადა, წვიმის დროს ქუჩაში ვერ გახვალ, ისეთი მდინარეები მოდის. პატრონი არავინაა, რომ სოფლისთვის რამე გააკეთოს."
ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ამავე ქუჩის მაცხოვრებელი ნონა კევლიშვილი. მისი თქმით, სოფელი უპატრონოდ არის მიტოვებული.
-"ტაქსის მძღოლს რომ ვეუბნებით ზემო წითელუბანში წაგვიყვანეთო, არ მოდის. ამ გზაზე მანქანას არ დავამტვრევო. ჩვენი ქუჩა არც ადრე იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ 3-4 წელი იქნება, რაც უარესად დაზიანდა. ვითომ საქმეს აკეთებენ, ალაგ-ალაგ ქვიშას ჩაყრიან და წყალი რომ მოვარდება, იმასაც ჩარეცხავს ხოლმე. ადრე უბანში განცხადება გამოაკრეს სოფელზე ამდენი ათასები დაიხარჯაო. გამრიცხველიანება ჩვენთან არ არის, წყალი არ გვაქვს, არც გზა და რაში იხარჯება ის ათასები მართლა არ ვიცი. სოფელს რაღაც ხომ უნდა ეტყობოდეს? ისეთი ქვა-ღორღი ჩაყარეს, გარე განათებაც არ არის, რომ საღამოს ქუჩაში გამოსულმა ფეხი არ მოიტეხო. ცოტა ხნის წინ ფეხმძიმე გოგოს ქვაზე ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა. ეს არის საქმე?Mმასხარად აგვიგდეს თუ რა არის?"-აღნიშნა მან.
ხალხის გულისწყრომას არ ეთანხმება ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნოდარ რაქვიაშვილი და ამბობს, რომ ცდილობს სოფლის მოსახლეობის პრობლემები შეძლებისდაგვარად მოაგვაროს.
-"როდესაც სოფელში კრება ჩავატარეთ, მოსახლეობას მაშინ ავუხსენით, რომ მოხრეშვითი სამუშაოები არის წყალში გადაყრილი თანხა, მაგრამ იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო, რომ მთხოვეს იქნებ დროებით მაინც რაღაც გააკეთოთო, მივიტანეთ და დავყარეთ ქვიშა. ეს იყო უბნის მოსახლეობის სურვილი და რაც მოითხოვეს, ის გავაკეთეთ. მათ სანიაღვრე არხების მოწყობა უნდათ, მაგრამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს,
ზემო გურჯაანისთვის სულ 75 565 ლარია გამოყოფილი. ერთი მეტრი არხის გაკეთება 130 ლარი ჯდება. ეს პრობლემა მარტო ამ უბანში არ არის, ყველგან ანალოგიური სიტუაციაა. ის მცირე თანხა, რაც ბიუჯეტში გვაქვს, არ გვყოფნის, რომ პრობლემა ყველა უბანს მოვუგვაროთ,"-გვითხრა მან და იქვე დასძინა:
-"თუ მომავალი წლიდან სოფლები თვითმმართველობაზე გადავალთ და საკუთარი ბიუჯეტი გვექნება, ალბათ, მაშინ უფრო ადვილი იქნება ყველაფრის გაკეთება. მეც ძალიან მადარდებს მოსახლეობის წუხილი."
როგორც ნოდარ რაქვიაშვილმა განაცხადა, გამგებელთან ერთად, უკვე მომავალი წლის პრიორიტეტებზე დაიწყეს მუშაობა. იმ სიაში, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაეცა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, წყალგაყვანილობისა და ქუჩების რეაბილიტაციაც არის გათვალისწინებული.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები