რამდენიმე წელია, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის ერთ უბანს წყალი არასტაბილურად, მცირე დროით მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, სოფლის ხელმძღვანელობა თითქოს რეგულარულად ახდენს სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციას, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. რწმუნებული კი მოსახლეობის ბრალეულობაზე საუბრობს.
ზემო წითელი უბნის მოსახლეობა ფაქტობრივად სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნული პრობლემა მათ უბანში მუდმივადაა, მაგრამ ჯერჯერობით მისი გადაჭრა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
როგორც ჩვენთან საუბარში ამავე უბნის მაცხოვრებელი მარიამ ფერიაშვილი აღნიშნავს, უბანში წყალი დღის განმავლობაში ზოგჯერ ერთი საათითაც კი არ მოდის.
-"მეორე უბანში წყალი ისეთი ნაპორით მოდის, რომ მილებს ხეთქვას. აქ კი ერთი დღის სამყოფსაც ვერ ვიღებთ. მარტო ჩვენი უბანია ასე გაუბედურებული. ვითომ გააკეთებენ, გავა ერთი კვირა და ისევ ფუჭდება. რამდენიც წვიმა მოვა, იმდენჯერ სათავე-ნაგებობა მწყობრიდან გამოდის. ამის მერე ისევ აკეთებენ და ასე გრძელდება უკვე წლებია. მიზეზები არ ილევა: გაზაფხულზე სტიქია აუბედურებს ყველაფერს, ზაფხულში-გვალვა, ზამთარში-ყინვა. როდისღა უნდა გვეღირსოს წყალი?"-კითხულობს ქალბატონი მარიამი.
მისივე თქმით, წყალი ონკანებში ძლივს მოწანწკარებს და ვერც ერთი ოჯახი მარაგის აღებას ვერ ასწრებს. "რაც ბიუჯეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" თანხა ირიცხება, სულ წყალს ანდომებენ, სხვა ხალხისთვის არაფერი კეთდება, მაგრამ ეს პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება. გვირჩევნია, კვირაში ერთი დღე გამოუშვან და ისეთი რაოდენობით, რომ ყველამ მოასწროს საჭირო მარაგის აღება. მეზობელი ქუჩიდან ვეზიდებით, რომ ჭურჭელი მაინც დავრეცხოთ, მაგრამ იქაც მცირე რაოდენობით მოდის და საათობით გვიწევს რიგში დგომა. მთელი ზაფხული ვითომ აკეთებდნენ და რას აკეთებდნენ თვითონაც არ იციან.,"-გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში, მარიამ შანყულაშვილმა აღნიშნა, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ისიც კი არ შეუძლია, რომ წყალი ქუჩიდან შემოიტანოს.
-"ხნიერი ქალი ვარ და უკვე დავუძლურდი. ვდგევარ და წვიმის წყალს ველოდები, რომ რამე გავრეცხო. სამი თვის წინ, მე და ჩემი მეზობელი ბიჭი ვიყავით საბჭოში, ვუთხარით წყალი არ გვაქვს და გვიშველეთ რამეო. ასე გვიპასუხეს, თანხა არის გადარიცხული და 10 დღეში გავაკეთებთო. იმის შემდეგ რამდენი 10 დღე გავიდა, აღარც კი მახსოვს. თუ კრანზე ცოტა წყალი წამოვა, ერთმანეთს ვეხვეწებით, ცოტა ხანი დაკეტე, რომ ახლა მე გავავსოო. გვირჩევნია გრაფიკით, საათობით მოვიდეს და ვიცოდეთ რომ იქნება, გადახდით თანხას მაინც ვიხდით,"-გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოდარ რაქვიაშვილმა განმარტა, თავის დროზე, შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც სათავე-ნაგებობა ხევში გააკეთეს.
-"წყლის სათავე-ნაგებობა შუა ხევშია გაკეთებული და ამიტომ, ყოველი მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად ზიანდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" იმდენად მცირე თანხაა გამოყოფილი, რომ არ არის საშუალება სხვაგან გადავიტანოთ. ამას წინათ სპეციალურად ავედით და დავათვალიერეთ. აღმოჩნდა, რომ ტყეში 50 მეტრის მანძილზე მილი იყო დაზიანებული და წყალი იღვრებოდა, ამიტომ მოსახლეობამდე ვერ მიდიოდა. ის უკვე შევცვალეთ, მაგრამ ახლა კიდევ ჩუგუნის მილიცაა დაზიანებული. ჩემი ნაცნობობით მოვიძიე სპეც. ტექნიკა-ორხიდიანი ტრაქტორი, რომელზეც დამონტაჟებულია სვარკის აპარატი. თითქმის მთელი დღე იმუშავეს, მაგრამ მისი შეკეთება ვერ მოხერხდა. ამჟამადაც მუშაობენ და იმედია, მოკლე დროში ეს პრობლემაც მოგვარდება."
რწმუნებულის თქმით, უბნებში წყალი გრაფიკით რომ არ მოდის, პირველ რიგში თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლების ბრალია.
-"რეზერვუარიდან წყალი მილების საშუალებით სამი უბნის მიმართულებით გამოდის. თითოეულს აქვს თვისი ვინტილი. მოსახლეობამდე გრაფიკით რომ მივიდეს, ორი უნდა დაიკეტოს და მესამე გაიხსნას. ადგილობრივები მიდიან და ამ ვინტილებს ამტვრევენ, რომ მათთან წყალი არ შეწყდეს. ასეთიAშემთხვევა უკვე სამჯერ განმეორდა. ამის შესახებ პოლიციასაც შევატყობინეთ. იქვე გამოვაკარით კიდეც, რომ დაზიანების შემთხვევაში დამნაშავეს ჯარიმა დაეკისრება. სწორედ ეს პროცესი იწვევს იმას, რომ ერთ უბანში წყალი არის და დანარჩენებში კი-არა,"-გვითხრა მან.
ნოდარ რაქვიაშვილის თქმით, თუ მოსახლეობამ ერთმანეთს თვითონ არ გაუწია ანგარიში და ადამიანურად არ მიუდგნენ ამ საკითხს, შეუძლებელი იქნება, წყალი ყველა უბანს გრაფიკით მიეწოდოს.
მარინა პეტრიაშვილი
ამავე თემაზე:
განახევრებული დავალიანება და ჰაერში გადახდილი ფული
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ
უსამართლო “წყალმომარაგების კომპანია” და უფლებაშელახული აბონენტები
“ძარცვის ახალი მექანიზმი” და უკმაყოფილო მოსახლეობა
მასალის გამოყენების პირობები