გურჯაანის მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას კიუვეტების (სანიაღვრე არხები) პრობლემა. თუ სოფელ კოლაგის მოსახლეობას წვიმის დროს ნიაღვარი სახლებში უვარდება და არხების დაღრმავებას ითხოვს, გურჯაანში მიწით ამოვსებულ სანიაღვრეებში კანალიზაციაც მიედინება და ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოდის.
საგზაო დეპარტამენტი არხების გაწმენდას გვპირდება, თუმცა, თავის მხრივ, ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურს კონტროლისკენ მოუწოდებს.
კოლაგელი შალიკო მექერიშვილი, გზის იმ მონაკვეთზე ცხოვრობს, სადაც დაღმართი იწყება. იმის გამო, რომ სანიაღვრე არხი ამოვსებული იყო, შარშან სტიქიის დროს მოვარდნილი წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზო დაეტბორა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, დახმარებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარავის გახსენებია. წელს 14 მაისის სტიქიის დროსაც ოჯახი იგივე პრობლემის წინაშე დადგა.
-"კაციშვილი არ მოსულა და არაფერი გაუკეთებია. წყალი ეზოში შემოგვდის და ყველაფერი გაუბედურებულია. წინა თვეში სტიქია რომ იყო, ნახევარი მანქანა მიწა მოიტანეს და დაყარეს, სხვა არაფერი გაუკეთებიათ. ვთხოვეთ, კოშიანი ტრაქტორით არხი ცოტა მაინც ამოეთხარათ, რომ წყალს გზა ჰქონოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ, პრობლემით არც ისინი დინტერესებულან. გვეუბნებიან საგზაოს გასაკეთებელიაო. ერთი მსხვილი მილიც რომ ჩადონ, წყალი გაივლის და სახლში მაინც აღარ შემოგვივარდება. რამდენჯერაც კი წვიმა მოვა, სულ შიშში ვართ. მანქანა ვეღარ შეგვიტანია ეზოში და მწვანილი ვერ დაგვითესია ბოსტანში. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით ყველას. მაგრამ გაითვალისწინონ, რომ არჩევნები კიდევ მოვა, მაშინ არავისაც არ მივცემთ ხმას,"_ გვითხრა მან.
ანალოგიური პრობლემის წინაშეა მეზობლად მცხოვრები თამრიკო მექერიშვილიც.
-"ჩემი ეზო ისეა დახრამული, რომ ვერ გაგვისწორებია. თითო მანქანა ქვიშა ჩაყარეს, მაგრამ ამით არაფერი ეშველა. სტიქიის დროს ეზოც და პადვალიც წყლით აივსო და რაც კი მქონდა, ყველაფერი გაფუჭდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ქვემოთ დაიწყეს სანიაღვრეების გათხრა, ვითომ აკეთებდნენ, მაგრამ მალევე დაანებეს თავი და დღემდე ასეა მიტოვებული. თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, ყოველი წვიმის მოსვლის დროს იგივე ამბავი განმეორდება." _ გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში კოლაგის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი პეტრიაშვილმა აღნიშნა, სანიაღვრე არხების გაწმენდა მათ არ ეხებათ და ეს საგზაოს პრეროგატივაა.
-"ვიცი ამ უბნის მოსახლეობის პრობლემა და ვცდილობ მათ დახმარებას. საერთოდ, ეს საგზაოს პრეროგატივაა, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში ტრაქტორის საშუალებით ჩვენ არხს დროებით გავასუფთავებთ, რომ წვიმის დროს მოსახლეობა იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს. შემდეგ, ალბათ, თვითონ საგზაოს წარმომადგენლები მიაქცევენ ყურადღებას. მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დავეხმარებით," _ აღნიშნა მან.
სანიაღვრე არხების პრობლემაა ქალაქ გურჯაანში თბილისი-თელავის ცენტრალურ მაგისტრალზეც. როგორც გურჯაანელები ვარაუდობენ, ზოგიერთი მაცხოვრებლის მიერ არხზე საკანალიზაციო სისტემაც არის დაერთებული, რადგან ქუჩაში საშინელი სუნი დგას.
-"არხი მიწით არის ამოვსებული, რის გამოც წყალი კალაპოტში ვეღარ ეტევა. ისეთი სუნი დგას, რომ რამდენიმე მეტრში ვერ გაივლი. ვიღაცას ეტყობა კანალიზაცია აქვს დაერთებული, რადგან შავი მასა გადმოდის. ყველაფერ ამასთან ერთად ნაგვითაც არის სავსე. წვიმის დროს ნაგავიც და წყალიც გზაზე გადმოდის და გავლა შეუძლებელია. ტროტუარიც ისეთი მოუწესრიგებელი და ტალახიანია, იძულებული ხარ, ქუჩაში ამ სიბინძურეში იარო," _ გვითხრა ამ ქუჩის მაცხოვრებელმა, რომელმაც სახელი და გვარი არ დაასახელა.
მოსახლეობის თქმით, როდესაც სანიაღვრეებს ასუფთავებენ, არხებიდან ამოღებულ ქვიშას და ნაგავს, მუშები იქვე ტოვებენ, რაც წვიმის შედეგად უკანვე ჩაედინება. როგორც შ.პ.ს თელავის საგზაო სამმართველოს გზის ოსტატმა თამაზ გზირიშვილმა განმარტა, ამ ნარჩენების გატანა მათი პრეროგატივაა, თუმცა, იმის გამო, რომ გურჯაანს შესაბამისი ტექნიკა არ ჰყავს, მანქანის გამოძახება თელავიდან უწევთ. ის წესრიგისა და თანამშრომლობისკენ მოსახლეობასაც მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივები თავიანთ გამოსავალს თავადვე უნდა ასუფთავებდნენ, რაც სხვა რაიონებისგან განსხვავებით,აქ ნაკლებად ხდება.
საკითხით ჩვენი დაინტერესების შემდეგ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. როგორც მათ გაარკვიეს, არხზე მართლაც კანალიზაციაა მიერთებული.
-"ეს არის კიუვეტი-ანუ ღვარსადენი, რომელმაც მხოლოდ მოსული ნალექი უნდა გაატაროს. მოსახლეობა კი მას კანალიზაციად იყენებს. როგორც გავარკვიეთ, მარტო ერთი ადამიანის კი არა, მთელი უბნის მოსახლეობის საკანალიზაციო სისტემაა დაერთებული. ამ ინფორმაციას, ხელმძღვანელობას ვაცნობებ, რომ ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურს მიმართოს, რადგან ჩვენ დაჯარიმების უფლება არ გვაქვს. იქ უკვე თვითონ გაარკვევენ, ვინ არის დამნაშავე და შესაბამის ღონისძიებებსაც გაატარებენ," _ გვითხრა შ.პ.ს თელავის საგზაო სამმართველოს გზის ოსტატმა თამაზ გზირიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნანა ზირაქაშვილის განმარტებით, ქალაქის დათვალიერება და მსგავსი ფაქტების გამოვლინება სისტემატურად ხდება.
-"ჩვენს მიერ ხდება ქალაქის და მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიების დათვალიერება. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მოსახლის ეზოდან გამოდის ჭუჭყიანი წყალი და გზას აბინძურებს, ამ შემთხვევაში სათანადო ზომებს ვიღებთ. დარღვევის გამოვლინებისთანავე მოქალაქეს ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას ვაძლევთ. თუ გარკვეული დროის მანძილზე მდგომარეობა არ გამოსწორდა, მაშინ ოფიციალურ წერილს ვუგზავნით. თუკი რეაგირება ამის შემდეგაც არ მოჰყვა, ვაჯარიმებთ. დგება ოქმი, იგზავნება სასამართლოში. ამის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით პიროვნება 500 ლარით ჯარიმდება. ხშირ შემთხვევაში დაჯარიმება არ გვიწევს, რადგან გაფრთხილების შემდეგ მოქალაქეები დაშვებულ შეცდომას ასწორებენ,"_ გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსმა გივი ამბრიაშვილმა აღნიშნა, სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პრობლემები მოკლე დროში გამოსწორდება.
-"ჩვენი დეპარტამენტის მხრიდან იგეგმება და განხილვის სტადიაშია გურჯაანიდან ბაკურციხემდე სადრენაჟო სისტემების მოწყობის სამუშაოების ჩატარება, რაც კიუვეტების სათანადო მოწყობას გულისხმობს. ეს პროექტი განხილვის სტადიაშია, მსოფლიო ბანკს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, საკითხი დადებითად გადაწყდება და თანხებიც გამოიყოფა. კიუვეტი, როდესაც საჭიროა, აუცილებლად იწმინდება, მაგრამ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შიგ ყრის და მალევე ბინძურდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც კანალიზაციასაც უერთებენ," _ გვითხრა მან.
როგორც ბატონმა გივიმ განმარტა, მოკლე დროში გურჯაანის რაიონში სანიაღვრე არხების პრობლემა დადებითად გადაწყდება, მოსახლეობას კი მოუწოდებს, რომ მათი დაბინძურებისაგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები