ინფრასტრუქტურა
ბოდიშსაც ვიხდით სათანადოდ - მერია გურჯაანში სტიქიისგან დაზიანებული გზების რეაბილიტაციაზე
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.

აღნიშნული საკითხი 2024 წლის 6 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს სხდომის დასასრულს, დეპუტატმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, სიმონ ქოჩორაშვილმა წამოწია.

მისი განცხადებით, გურჯაანის მერიაში პრიორიტეტების დალაგების პრობლემაა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვა მიმართულებებითაც.

„გასაგებია, დაზიანებულ გზას აკეთებს საგზაო დეპარტამენტი იმიტომ, რომ ეს რესპუბლიკური მნიშვნელობის გზა არის. მგზავრებიც გადაადგილდებიან ლაგოდეხის მიმართულებით, მაგრამ ძირითადად ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მოძრაობს ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია და პრეტენზია, რომ შეაწუხოს გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო თუ სხვა უწყებები, რათა დროულად აღმოიფხვრას ეს პრობლემა. ამ გზაზეა მთელი ნაკვეთები, სადაც მოძრაობს არა მარტო ქალაქ გურჯაანის, არამედ სოფელ გურჯაანის მოსახლეობაც. რესპუბლიკური მნიშვნელობის გზა არის მითუმეტეს, 8 თვის განმავლობაში, თითი არაფერს დაადეს და არ ითვალისწინებენ, ხალხი რა მდგომარეობაშია. ქვეყანას სწორი პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს და არა - უბნებში ვიღაცის მამიდებთან და პაპიდებთან დაგება გზების. ეს არის ჩვენი უბედურება. ტალახს ვერ იპოვი სოფლებში. კარგია, იქაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ქალაქმა რამე დააშავა?,“ - ამბობს სიმონ ქოჩორაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში.




ის ერთმანეთს ადარებს „ქართული ოცნების“ მუშაობას ახლა და იმ პერიოდს, როდესაც თავად იყო მმართველი პარტიის წევრი.

„ 2018 წელს, ერთ კვირაში, ივლისის 12-დან 19-მდე 4 სტიქია იყო. სახლში შემოვდიოდი უბრალოდ, რომ გამომეცვალა და ისევ გავსულიყავი. ახლა კომფორტულად არიან. უფლებებს იყენებენ, ვალდებულებები გვერდზე აქვთ გადადებული,“ - გვეუბნება სიმონ ქოჩორაშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში გაწელილია და სტიქიიდან ერთი წლის თავზეც არ იქნება დასრულებული.

„ორი თვეა, ხელშეკრულება გაფორმებულია. დაწყებული არის რაღაც, მაგრამ იმისთვის, რომ ჩაეთვალოთ დაწყება. მაგალითად, სასამართლოსთან გაშლილია ბალასტი და გაკეთებულია ტროტუარები - ფილებია ჩაყრილი, მაგრამ გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეფექტიანად გაკეთდეს სამუშაოები. ეს პროცესი არის გაწელილი. ჯერ ისედაც რვა თვე თითი არ დაადეს. ახლა დაიწყეს, მაგრამ იმისათვის, რომ სათქმელი ჰქონდეთ, დაწყებულიაო. მერწმუნეთ, გაძლევთ მაგის პირობას, ზუსტად ერთწლიანი ციკლი რომ შეიკვრება 15 ივნისს, ეგ გზა დამთავრებული არ იქნება,“ - ამბობს სიმონ ქოჩორაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის პრობლემაა და მათ ერთმანეთის იგნორირებაში ადანაშაულებს.

„სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციაა მთავარი, რის დეფიციტიც აქვს ხელისუფლებას. ეს არის აბსოლუტური იგნორი ერთმანეთის - სამინისტრო მერიას უკეთებს იგნორს, მერია - სამინისტროს და ასე. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ერთმანეთთან ურთიერთობა, კოორდინაცია, აბსოლუტურად მორღვეულია.

ყველაფერი გეხება, როდესაც, შენ ადმინისტრაცია ხარ, ნება უნდა იბოძო და ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან უნდა გქონდეს შენი ურთიერთობა. კერძო კომპანიები იქნება თუ სახელმწიფო უწყებები, შენ უნდა გქონდეს იმის ამბიცია და პრეტენზია, რომ მოაგვარო საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს,“- ამბობს სიმონ ქოჩორაშვილი.



გურჯაანის მერის მოადგილის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროცესის გაწელვა სატენდერო პროცედურებმა გამოიწვია და სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის დაწყებულია.

„გასაგებია, რომ სტიქიიდან 8 თვე გავიდა, მაგრამ ფორსმაჟორში მოხდა მისი პროექტის შედგენა. შემდგომ უნდა დაპროექტდეს სამუშაოები, რასაც აქვს თავისი დრო და ვადები. პროექტის შედგენას საკმაოდ დრო სჭირდებოდა, რათა ხუთკილომეტრიანი გზის მონაკვეთი დაპროექტებულიყო. 21 დღე აქვს ვადა ტენდერს გამოცხადებიდან დასრულებამდე, რომ მომწოდებელმა მოასწროს პროექტის ასახვა და შემოვიდეს ტენდერი. 21 დღის შემდგომ, სატენდერო პროცედურები მინიმუმ ერთი თვე იწელება. იმაში დადანაშაულება, რომ 8 თვის წინ მოხდა სტიქია და რატომ გზა არ დაიგო, არ მიმაჩნია მართებულად და არც არის მართებული, რადგან ამას საკმაო პროცედურები სჭირდებოდა და ყველა პროცედურა უნდა დავიცვათ.

გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. უბრალოდ, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მომწოდებელმა პროექტის შესრულება არხის ქვემოდან, ლაგოდეხის მხრიდან დაიწყო იმ მიზნით, რომ ჩვენ საახალწლო პერიოდი, დეკემბრის თვე გვქონოდა თავისუფალი და ბაზრის გზა არ დაგვეკეტა.

პირველი დეკემბრიდან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა დავუშვით საახალწლოდ და როგორ უნდა მოვქცეულიყავით? მაშინ თითოეული მოქალაქე იქნებოდა პარალიზებული, ამიტომ დროც რომ არ დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ბოლო მონაკვეთიდან,“ - გვეუბნება კოტე ბერიძიშვილი.

მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის დაწყებისას, გურჯაანის მერიამ საგზაო დეპარტამენტისგან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ხიდის მაქსიმალური კუთხით გადატანა მოითხოვა, რათა გზაზე მკვეთრი მოსახვევის პრობლემა აღმოეფხვრათ.



„როცა დავიწყეთ რეაბილიტაცია, საგზაო დეპარტამენტისგან მოვითხოვეთ, რომ საავტომობილო ხიდზე ასეთი მკვეთრი მოსახვევი არ ყოფილიყო და უფრო გაშლილი კუთხით გადაგვეტანა. ამიტომ მაქსიმალური ზომები ავიღეთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაშლილიყო ხიდი და არ ყოფილიყო მკვეთრი მოსახვევი. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ბოლოდან დავიწყეთ იმიტომ, რომ არ შეგვეშალა ხელი საახალწლო ვაჭრობისთვის და მოგვესწრო გზის დაკორექტირება,“ - განმარტავს მერის მოადგილე.

კოტე ბერიძიშვილის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამთავრობო სტრუქტურებში კომუნიკაციის პრობლემაა, სიმართლეს არ შეესაბამება. იგი ასევე გვესაუბრება გზის რეაბილიტაციის შემაფერხებელ სხვა ფაქტორებზეც და ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი, ტენდერის პირობების თანახმად, 31 მაისამდე დასრულდება.

„მესმის, რომ მოსახლეობას დისკომფორტს ვუქმნით, ისიც მესმის, რომ საკმაოდ გაიწელა საგზაო სამუშაოები, ბოდიშსაც ვიხდით სათანადოდ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვტყუივართ და ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებში, ეს, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილია და თუ ვინმეს აქვს პრობლემა, ზემდგომებთან კომუნიკაციის, თავისთან მოიკითხოს, ჩვენ მაგ შენიშვნას ვერ მივიღებთ.

გზის მშენებლობა მიმდინარეობს ინტენსიურად. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ზამთრის პერიოდია, ყინვებია და ტემპერატურაც ხელს გვიშლის და ზუსტად ეს არის პროექტების გაწელვის მიზეზი.

პროცესი 31 მაისამდე აუცილებლად დასრულდება,“ - ამბობს კოტე ბერიძიშვილი.




მერის მოადგილის თქმით, მერია აქტიურად არის ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„აბსოლუტურად ყველა დეტალი და ნაბიჯი შეთანხმებულია მუნიციპალიტეტთან. მათთან ერთად ვმუშაობთ დღე და ღამე. ბატონი მერი აქტიურად არის ჩართული, საგზაო დეპარტამენტიც ყოველდღე ჩამოდის - მერთან პირადი შეხვედრები აქვთ და პირისპირ წყდება სათითაო დეტალი,“ - გვეუბნება კოტე ბერიძიშვილი.

იგი ასავე გვესაუბრება გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სხვა ღონისძიებებზეც. მერის მოადგილის თქმით, მეორე ეტაპზე დაგეგმილია ქალაქის გარეუბნების რეაბილიტაციაც. საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ცხრა აპრილის ქუჩის მიმდებარედ.

„სტიქიამ დაგვიზიანა ძირითადად ცენტრალური ნაწილი, მაგრამ არ იყო ნაკლები ზიანი ქალაქის გარეუბნებში. აქედან გამომდინარე, მეორე ეტაპზე მაშინ, როდესაც ამინდებიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რუსთაველის, გურამიშვილის, კოსტავასა და თაყაიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაცია. სატენდერო პროცედურები დაიწყება მაისის თვეში.

ასევე, სადღაც ორ კვირაში მთავრდება ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორის პროექტირების ეტაპი, რაც არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი.

საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ცხრა აპრილის ქუჩის მიმდებარედ,“ - გვეუბნება კოტე ბერიძიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებად 6 113 436 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებულია კომპანია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“, რომელმაც აღნიშნულ ტენდერი 5`739`244.51 ლარში მოიგო.

| Print |
FaceBook Twitter Google