ყოველ დილით ახტალაზე ვარჯიშობს. რამდენიმე წრეს ნელი სირბილით
შემოუვლის, სხეულს გაიკაჟებს და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს.
იმის მაგივრად, რომ დაღლილი სახლში დაბრუნდეს, მრავალწლიან მუხებს
ფათალოს აცლის და მათ გადარჩენაზე ზრუნავს.
"ხეები სულ ფათალოშია გახვეული, რაც მათ გახმობას იწვევს, აბა ნახეთ,
ბილიკის გვერდით რამდენიმე მათგანი რა დღეშია?! საკუთარი ინიციატივით
40-60 ხე ფათალოსგან გავათავისუფლე. ასე რომ დარჩენილიყო, ხუთ - ექვს
წელიწადში გახმებოდა. ეს ფულისთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ, ყოველდღე
ამის შემხედვარეს გული მტკივა," - ამბობს თემურ აბაქაროვი.
ის კურორტის ტერიტორიაზე ორი კვირის წინ დაწყებულ ველობილიკების
რეაბილიტაციას, უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ამის საჭიროება
ნამდვილად არ იყო.
"ისეთი მყარი ასფალტი იყო, რომ ძლივს დაანგრიეს. მე თვითონ პროფესიით
მშენებელი ვარ. მთელი ცხოვრება ამ საქმეში გავატარე და მესმის ეს
საკითხი. თუ კაუჩუკის დაგება უნდოდათ, ამის გადაგება ზემოდანაც
შეიძლებოდა. ამის მაგივრად, დაერგოთ ხეები, გაეკეთებინათ ტრენაჟორები,
დაეყენებინათ დარაჯი, რომელიც ტერიტორიას მკაცრად გააკონტროლებდა.
სკამებიც დაგლეჯილია, იმიტომ რომ პატრონი არ ჰყავს. ვინმე მაინც ხომ
უნდა აქცევდეს ყურადღებას?! ჯარიმა მაინც დააწესონ, რომ ახალგაზრდობამ
შეიგნოს და აღარ დააზიანოს. გარდა ამისა, საჭიროა ახტალის ბუნებას
მოუფრთხილდნენ. თუ აკეთებ, კიდევაც უნდა დაიცვა! "
კურორტ "ახტალის" დირექტორი გოგა უტიაშვილი კი ამბობს, რომ
რეაბილიტაციის შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და ამ
სამუშაოების შესრულება აუცილებელი იყო.
"თავის დროზე გაკეთდა ჩოგბურთის კორტები, მოეწყო გაზონები და ა.შ.
რეაბილიტაციამ, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო
ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა, ტერიტორიის დაახლოებით 5-6
ჰექტარი მოიცვა. ცოტა ხნის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის
წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს. რაღაცეები არ მოეწონათ.
ველობილიკის საფარზე ასფალტი დაბზარული და შესაცვლელი იყო. ის ფენა,
რომელიც გაბზარულია უნდა მოიხსნას, სადაც დაწეულია, ხელახლა დაიგოს.
ველობილიკი ადრე შეღებილი იყო სპეციალური საღებავით, რომელიც
მზე-წვიმაზე მაინც დაზიანდა და ახლა კაუჩუკის საფარი გაკეთდება.
იღებება სკამები. მოკლედ, რამაც ამ ორ სამ წელიწადს ვერ გაუძლო, იმის
განახლება-გაკეთება ხდება, ეს ყველაფერი მორჩენილი თანხებით
კეთდება,"-აღნიშნა მან.
რეალურად, რატომ გახდა საჭირო სამუშაოების ჩატარება და რა თანხა
იხარჯება ამისათვის? - ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს
მივმართეთ.
"კურორტ ახტალაზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები
მიმდინარეობს. კეთდება საფეხმავლო ბილიკები, ათას კვადრატულ მეტრზე
ეწყობა ველობილიკი, ხდება სასმელი ჭის აღდგენა და გარე განათების
ბოძების გამაგრება, რომელიც მორყეული იყო. სამუშაოები მსოფლიო ბანკის
დაფინანსებით მიმდინარეობს და დღგს ჩათვლით პროექტის ღირებულება 92
ათასი ლარია. ეს არის დეფექტების აღმოფხვრისთვის გამოყოფილი თანხა,
რომელსაც კონტრაქტი ითვალისწინებდა. როდესაც სრული რეაბილიტაცია
მიდის, ყოველთვის რჩება საგარანტიო თანხები, ახტალის შემთხვევაშიც
ასეა. დამატებითი თანხის გამოყოფა არ მომხდარა."-განმარტეს
მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ კურორტ "ახტალის" რეაბილიტაცია 2012 წლის ივლისის
ბოლოს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მაშინ ახტალის
რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
როგორც კომპანია "ტერექს 21"-ის სამუშაოთა მწარმოებელი ბესიკ
გიორგანაშვილი ამბობდა, "შენობა უაზროდ დაგვანგრევინეს და მერე
გაირკვა, რომ არ იყო საჭირო. რადგან პროექტში არ იჯდა, ხარჯთაღრიცხვაც
არ იყო გაკეთებული."
ამ ნაგებობაში 300 კაცზე გათვლილი სასადილო და კინო-კლუბი იყო
განთავსებული. მის ადგილას ახალი შენობის აშენება დაიგეგმა, მაკეტიც
შედგა, თუმცა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ამ დრომდე
ვერ მოინახა ინვესტორი, რომელიც ახტალის შეძენით და ამ საკითხით
დაინტერესდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები