ინფრასტრუქტურა
"ატეკაში ჩაგვიყვანონ ბარემ" - რას აპროტესტებენ ტაქსის მძღოლები?
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტაქსების პარკირებისთვის ქალაქში რამდენიმე ტერიტორია შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟთან დაკავშირებით მიიღო.
"მას შემდეგ, რაც მონიშვნები გაკეთდება, განთავსდება საზგაო ნიშანი, რომ იმ ტერიტორიაზე ტაქსების გარდა ყველა სხვა ტრანსპორტის გაჩერება იქნება შესაძლებელი. ტაქსებისთვის შერჩეულია რამდენიმე ადგილი: იუსტიციის სახლის, ავტოსადგურის, ე.წ. "ბებოს ბაღის" და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. მათი პარკირებისთვის თითოეულ ადგილას 15 მეტრი იქნება გამოყოფილი."-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა გია ამისულაშვილმა.

გამგეობის მიერ შერჩეული ტერიტორიები მიუღებელი აღმოჩნდა ნონეშვილის გამზირზე მყოფი ტაქსის მძღოლებისთვის. "ატეკაში ჩაგვიყვანონ ბარემ, იქ უფრო კარგი ადგილია. ძალიანაც არ გვინდა სხვაგან წასვლა, მაგრამ ჩვენს აზრს ვინ გაითვალისწინებს? იმ ადგილას, სადაც ეგენი ამბობენ, ხალხი არ მოვა, მგზავრი მაინც აქ გაჩერდება. ისედაც ორ კაპიკს ვშოულობთ და იმასაც დავკარგავთ. უნდა დავიფაროთ ქუდი და სახლში წავიდეთ. ბაზართანაც ვერ გადავალთ, რადგან იქ სხვა ტაქსები მუშაობენ. "-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბიძინა მებაღიშვილმა.

ნიკა ყანჩაშვილის თქმით კი, 15 მეტრი ტაქსების პარკინგისთვის ძალიან მცირეა.
"იუსტიციის სახლთან რომ გადაგვიყვანონ, იქ საქმეზე მისულმა ადამიანმა სადღა უნდა გააჩეროს მანქანა? ახლა იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას გაუჩნდება პრეტენზია. ისედაც მათხოვრებივით ვდგავართ და ვიხვეწებით, რომ მგზავრი ავიყვანოთ. დაახლოებით 30-40 მანქანა მაინც ვმუშაობთ და 15 მეტრში რომელი ერთი დაეტევა? დანარჩენები სად წავიდეთ, ოჯახები რით შევინახოთ?!"

ნონეშვილის გამზირიდან ტაქსების გაყვანას იქ განთავსებული ობიექტების თანამშრომლები დიდი ხანია ითხოვენ. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელმძღვანელობა მათ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ გზაგამყოფის დემონტაჟზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გუშინ, 30 მარტს გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომისია კომპანიის კვალიფიკაციაში დარწმუნდება, ხელშეკრულებას გააფორმებს და სამუშაოებიც დაიწყება.
რაც შეეხება პარკინგის მოწყობას, ამისთვის ბიუჯეტიდან 78 ათას 589 ლარია განსაზღვრული და ელექტრონული ტენდერიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

| Print |
FaceBook Twitter Google