ინფრასტრუქტურა
ბიზნესმენები გურჯაანის გამგებლის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ
2011 წელს გურჯაანში, სანაპირო ზოლის ნაწილი, რომელიც რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს, პირობითი აუქციონით დავით ხუროშვილს გადაეცა. პირობის თანახმად, ამ ადგილას სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო. დავით ხუროშვილმა აღნიშნული ტეროტორია გაასხვისა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მფლობელი ბადრი ბერიკაშვილი გახდა. ამის შემდეგ სამი ნაგებობა აშენდა, თუმცა დღემდე არცერთი ფუნქციონირებს.
„როგორც გაზეთის, ისე ტელევიზიის საშუალებითაც გავავრცელეთ ინფორმაცია, მსურველებს ფართის გამოყენება სპორტული ღონისძიებებისთვის უფასოდ შეეძლოთ. არავინ დაინტერესებულა, მათ შორის, არც გამგეობა. ვცადეთ, მაგრამ სპორტული მიმართულებით ვერ ვამუშავეთ. საკრებულოს მივმართეთ პირობის მოხსნის საკითხზე. საკრებულომ თანხმობა მოგვცა, თუმცა გამგებელმა ხელი მაინც არ მოაწერა. თავიდან როდესაც შევიძინეთ, დოკუმენტებში პირობა არ ეწერა. საჯარო რეესტრში ამონაწერიც შეგიძლიათ ნახოთ. სამივე მფლობელმა სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ. თუ სასამრთლო არ მიიღებს სტატუსის ცვლილების გადაწყვეტილებას, ტრენაჟორებსა და ტატამს დავალაგებთ, იქნებ როგორმე ავამუშავოთ.“
გასული წლის დეკემბერში სტატუსის მოხსნის საკითხს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ერთადერთი, ვინც საკითხის დადებითად გადაწყვეტას არ მიემხრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ნიჟარაძე იყო. მისი თქმით, სტატუსის მოხსნა არაკანონიერია.
საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გამგებელმა ტერიტორიას სტატუსი მაინც არ შეუცვალა. გია გერგიძის განმარტებით, ეს კანონის დასაცავად გააკეთა.
„კანონი არ გვაძლევს უფლებას, პირობიან აუქციონზე გატანილ საკითხებს ერთ-ორ წელში სტატუსი შევუცვალოთ. როგორც კი ამის ერთ პრეცენდენტს მაინც დავუშვებთ, შეიძლება სხვებმაც იგივე მოითხოვონ. “
- ამბობს ის.
შეეცვლება თუ არა სტატუსი აღნიშნულ შენობებს, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

| Print |
FaceBook Twitter Google