ინფრასტრუქტურა
ელექტროენერგიით უსაფრთხო სარგებლობა - ასოცირების შეთანხმების პერსპექტივა
იორმუღანლოს თემის სოფლებში, თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით დაზიანებულ ელექტრობოძებს. ზოგან ისეთი მდგომარეობაა, მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ბოძი ნებისმიერ დროს გადაიქცეს და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვეს. ადგილობრივები ამასთან ერთად, არასტაბილური დენით გამოწვეულ პრობლემებზეც საუბრობენ.

„ჩვენს სოფელში ზოგიერთმა ოჯახმა კონდიციონერი იყიდა, მაგრამ რად უნდათ? დენი ისეთი სუსტია, ვერ რთავენ. მუშაობა სარეცხის მანქანასაც უჭირს. იქნებ ვინმე პატრონი გამოჩნდეს და მოგვხედოს. “ - ამბობს კაზლარში მცხოვრები ვაგიფ ქარიმოვი.
კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განმარტავენ, რომ პრობლემის თაობაზე მათთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, არც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ფლობენ ინფორმაციას.
„მოსახლეობას შეუძლია პრობლემა ჩამოაყალიბოს და წერილობით მიმართოს ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ აბონენტთა მომსახურების სერვისცენტრს. კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად, რისი საშუალება და რესურსიც გვექნება, იმის მიხედვით მოვაგვარებთ პრობლემას“.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის გადამცემი, ასევე ელექტროენერგიის განაწილების ქსელის წესების მომზადება და მიღება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული პირველი საკითხი უკვე მომზადებულია, ხოლო მეორე საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
„ამ წესების დადგენის შემდეგ, დისტრიბუტორ კომპანიებს დაევალებათ თავისი ქსელი წესრიგში მოიყვანონ, რათა თავიდან ავიცილოთ ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. მოგეხსენებათ, საქართველოში გამანაწილებელი ქსელების სამი ლიცენზიანტი გვყავს. ეს არის „კახეთის ენერგოდისტრიბუცია", სააქციო საზოგადოება "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია". მათ მიეცემათ კონკრეტული დავალებები, რის შემდეგაც მუშაობას დაიწყებენ,“-აღნიშნა ენერგეტიკის დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა დავით ელიაშვილმა.
აღნიშნული წესების შემუშავება და შესრულება მიმართულია იქით, რომ მოხდეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის განვითარება, მართვა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო სარგებლობა.

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია



| Print |
FaceBook Twitter Google