კულტურისა და დასვენების პარკიდან აღებული ნაგვის ბუნკერი შალიკაშვილების მუზეუმის წინ უკანონო ნაგავსაყრელის მიზეზი გახდა.
მას შემედეგ, რაც speqtri.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და კომენტარისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს მიმართა, მუზეუმთან ბუნკერი ისევ დადგეს.
როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „დასუფთავების“ დირექტორი დავით გოგებაშვილი აცხადებს, უკანონო ნაგავსაყრელების გაწმენდა და ტერიტორიაზე ნაგვის ურნების დადგმა მათი კომპეტენცია არ არის. ქალაქ გურჯაანში გამგებლის წარმომადგენლის დიმა არევაძის ინფორმაციით კი, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან ნარჩენებს დასუფთავების სამსახური გაიტანს. „ჩვენი და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურები ერთობლივად უზრუნველვყობთ ურნების განთავსებას ქალაქის ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელებს კი დასუფთავების სამსახური მიხედავს. მალე პარკშიც დაიდგმება ბუნკერი. აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ახალი ურნები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში გადანაწილდა“.
გასულ კვირას speqtri.ge-ის ობიექტივმა აღბეჭდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელი, სადაც ნარჩენები რამდენიმე თვის მანძილზე გროვდებოდა. როგორც გამგეობის პრესამსახურში განმარტეს, აღნიშნული ტერიტორიიდან ბუნკერი „უფრო საჭირო ადგილზე“ გადაიტანეს. „ახალ ბუნკერს არ ვიყიდით, სხვა ტერიტორიიდან გადმოვიტანთ. ამ ადგილს დამლაგებელი პერმანენტულად ასუფთავებს.“ (გთავაზობთ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს "პერმანენტულად დასუფთავებული ტერიტორია").
ახალი ურნების შესყიდვა და დაზიანებულის ჩანაცვლება რომ არ ხდება, ეს პრობლემა ქოროღლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. როგორც ისინი ამბობენ, ერთ დილას ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ურნა დახვდათ. ასევე ბუნკერები იდგა ამავე ქუჩაზე ხიდთან, რომლებიც დაზიანდა და მათი შეცვლა არავის უფიქრია. უფრო მეტიც, ურნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა საკანალიზაციო ჭას დააფარეს.
გადაიჭრება თუ არა პრობლემა „ურნების ტრანსფერით“ და მოხდება თუ არა დაზიანებული ბუნკერების ახლით ჩანაცვლება? - ამ კითხვით გამგეობას კიდევ ერთხელ მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ წელს ურნებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის.
ცნობისათვის, 2014 წლის პირველ კვარტალში გამგეობამ 110 ერთეული ახალი ვერცხლისფერი ბუნკერი შეიძინა და ბიუჯეტიდან 96 000 ლარი გამოყო. რაც შეეხება ძველ ურნებს, შპს „დასუფთავების“ დირექტორი განმარტავს, რომ 44 მუშა მდგომარეობაში არსებული და 58 სარემონტო ურნა გადაეცათ. „სარემონტო ურნების ზედაპირული შეკეთება პერიოდულად ხდებოდა, რაც საკმარისი არ იყო. გამოუსადეგარი ურნების რაოდენობა კი ჩემთვის უცნობია. ძველის ახლით ჩანაცვლება ამჟამად არ ხდება.“
მწყობრიდან გამოსული ურნების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას გამგეობაში შევეცადეთ, თუმცა, პრესსსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში ამ ეტაპზე აუდიტია შესული და მოუცლელობის გამო დაზუსტებულ ციფრებს ვერ მოგვაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები