მდინარე სტორის ხეობაში რეკრეაციული ადგილების მოწყობა მიმდინარეობს.
სვიანაზე რეკრეაციულ ტყეში მაგიდები, სკამები, ფანჩატურები და ურნები დაიდგა. სვიანას რეკრეაციულ ადგილს, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ მოეწყო, პირველი ვიზიტორები შორეული ავსტრალიიდან ეწვივნენ.
ავსტრალიელი ცოლ-ქმარი სტორის ხეობისა და მთლიანად საქართველოს ბუნებით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ, რომ სტორის ხეობის ნაირი ულამაზესი ადგილი ცოტა თუ უნახავთ. მითუმეტეს, არ ელოდნენ ამ ხეობაში ასე მოწყობილ ინფრასტრუქტურას და სისუფთავეს. როგორც საუბრისას გაირკვა, ისინი საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვიდნენ და კიდევ 1 კვირა დარჩებიან, რა დროსაც კახეთის რეგიონს მოინახულებენ.
მდინარე სტორის ხეობის რეკრეაციული შესაძლებლობების გაძლიერების საპილოტე ინიციატივა CENN-ის მიერ, ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივა მდინარე სტორის კალაპოტის სიგრძივ არსებული სტიქიური რეკრეაციული ადგილების გარემოსდაცვით შეფასებას, სამოდელო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რეკრეაციული ტყეების მართვის გრძელვადიანი სისტემის შექმნის ხელშეწყობისთვის დისკუსიის დაწყებას გულისხმობს.
ინიციატივაში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტი, ტყრიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თელავის თვითმმართველობა, ასევე საზოგადოებრივი და სამეცნიერო ორგანიზაციები.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სვიანას რეკრეაციული ტყის ინფრასტრუქტურის საზეიმო გახსნა და სემინარი თელავში, სადაც დაინტერესებული მხარეები ობიექტის საკუთრების, მართვისა და მოვლის საკითხებზე იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები