მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს.
თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. სარეაბილიტაციო პროექტების დეტალური კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა წარადგინა. სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის საბოლოო პროექტის განხილვა ექპსერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ფონდის ინიციატივით მოხდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში.
"აღსანიშნავია, რომ ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. სწოედ ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და ძეგლის იერსახე არ დაირღვეს", - განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მათივე ინფორმაციით, კორექტირებული პროექტი მოიცავს სასახლის სახურავის თაღის ავთენტურობის შენარჩუნებას, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებული იქნება კირი, რადგან შენობაზე არსებული არტეფაქტები ადასტურბს, რომ თავდაპირველად სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირის მასალა იქნა გამოყენებული, ბატონის სასახლის სწორად რეაბილიტაციისთვის ზემოთ აღნიშნული ყველა დეტალის გათვალისწინება აუცილებელი ფაქტორია.
უწყების ცნობით, დაშვებული შეცდომების და ზემოთ აღნიშნული საკითხების გამოსასწორებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებისას ჩაერთო ყველა მხარე, რათა პროექტი გამართული ყოფილიყო. პროექტში გარდა ზემოთაღნიშნულისა მოხდა რიგი ცვლილებების შეტანა, კერძოდ: შენობაში საგამოფენო სივრცის დამატება, გამწვანება და ბეტონის ორნამენტების ქვევრის ტიპის ორნამენტებით შეცვლა.
პრეზენტაციას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ასევე მუზეუმის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე გადაწყდა, რომ სამომავლოდ მსგავსი შეხვედრა კიდევ შედგება.
ბატონის სასახლე დაფუძნდა და თავდაპირველი, სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში, XVII ს-ის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები