ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადასაცემად ხელახალი აუქციონი გამოცხადდება
ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის
(კაფეტერია და სასტუმროს ნომრები) სარგებლობაში გადასაცემად გამართული
აუქციონი არ შედგა.
აუქციონი გუშინ დასრულდა და მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
როგორც speqtri.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების იურიდიული
სამსახურის უფრსმა ირაკლი დვალმა განუცხადა, მომავალ კვირას ხელახლა
გამოცხადდება. მისივე თქმით, შესაძლოა, პირობებიც გადაიხედოს.
-" ვერ გეტყვით მიზეზს რატომ არავინ ისურვა მონაწილოების
მიღება და რატომ არ შედგა აუქციონი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ
ინვესტიციის თანხა მაღალი იყო"
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი
სულამანიძის ინფორმაციით, გასულ წელს ნაკრძალს 45 000 ვიზიტორი
ჰყავდა, აქედან 1000 უცხოელი იყო. მისივე ცნობით, მიმდინარე წლის 5
თვეში დამთვალიერებლების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან
შედარებით 20 %-ით გაიზარდა.
„აუქციონზე გადიოდა სასტუმრო, რომელსაც გასულ წელს ჩაუტარდა
რეაბილიტაცია. აქ შვიდი ნომერია განთავსებული, ის ჯერ კიდევ 2007 წელს
აშენდა, რეაბილიტაცია მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. აუქციონზე
გადიოდა ასევე კაფეტერია და ღია კაფეც. მომავალ კვირას აუქციონს
ხელახლა გამოვაცხადებთ, ინვესტორებთან პირდაპირ კომუნიკაციაში ვართ.
თუკი არ შედგა, ეს ვიზიტორების რაოდენობას ნამდვილად არ შეამცირებს.
2012 წლის შემდეგ სასტუმრო აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ ეს
დამთვალიერებლების რაოდენობას არ შეტყობია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ
თუ ინვესტორი გამოჩნდება, ამით დამატებითი მომსახურება შეიქმნება და
შესაბამისად, ვიზიტორების რაოდენობაც მოიმატებს.“
აქვე განვმარტავთ, რომ აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იყო დაეზღვია
სარგებლობაში გადაცემული ქონება და საზოგადოებრივი წესრიგის,
დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა მოეხდინა.
გამარჯვებულს 15 ივლისამდე ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე
ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირება უნდა დაეწყო, 2017 წლის 1 იანვრამდე
კი არანაკლებ 60 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
მასალის გამოყენების პირობები