ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა სალმონელა - სეს-მა შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ 1000 ლარით დააჯარიმა
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით,  გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები თბილისის ერთ-ერთ პიცერიაში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

სააგენტოს ცნობით, პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად,” - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

| Print |
FaceBook Twitter Google