სად მივდივართ? ევროპაში! ვისია ეს ქვეყანა? ჩვენი! - მსვლელობა რუსული კანონის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს
“არა რუსულ კანონს” - აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. რუსთაველის გამზირი ამ წუთებშიც გადაკეტილია.

მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირიდან უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან, შემდეგ სანაპიროს გავლით, “ქართული ოცნების” ოფისთან გაივლიან და მსვლელობა სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - მთავრობამ გაიწვიოს რუსული კანონი!
„არა რუსულ კანონს“, „სად მივდივართ? ევროპაში!“ „ვისია ეს ქვეყანა? ჩვენი!“ - ასეთია ახალგაზრდების გზავნილი.

დღევანდელ აქციაზე ახალგაზრდება გააჟღერეს, რომ 22 აპრილიდან საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებში გადაინაცვლებს და სტუდენტები რუსული კანონის მეორე მოსმენისთვის მოემზადებიან, რომელიც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში ჩატარდება.

ახალგაზრდულმა მოძრაობა “დაფიონმა” პირველი სპონტანური საპროტესტო აქცია, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - სამდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, 18 აპრილს დააანონსა და იმის მიუხედავად, რომ აქცია დაგეგმილი არ იყო, მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან უწყვეტად მიმდინარეობს. „კი ევროპას, არა რუსულ კანონს,“ - აქციის ორგანიზატორები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ რუსული კანონის მეორე მოსმენა მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ჩაივლის.

| Print |
FaceBook Twitter Google