არა რუსულ კანონს - მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ
ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის, “არა რუსულ კანონს” მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.

მომიტინგეების მოთხოვნა კვლავაც უცვლელია- ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსული კანონი!
“ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველას,” - აცხადებენ მომიტინგეები.

დღევანდელ აქციაზეც გაიგონებთ შემდეგ გზავნილებს:

„სად მივდივართ? ევროპაში. „ვისია საქართველო? - ჩვენია“, არა რუსულ კანონს“
„მალე მოგიწევთ პირველივე რეისით თქვენ თვითონ გაფრინდეთ რუსეთში,“ - მიმართავენ აქციის მონაწილეები ხელისუფლებას.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მომიტინგეებს შეხვდება და თავის სათქმელსაც იტყვის.

გუშინ, 19 აპრილს, ახალგაზრდებმა მსვლელობა პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე გამართეს და გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე.

ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას.
ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.

ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!”
- ასეთია მომიტინგეების მიერ დადებული ფიცი.

დღეს, 20 აპრილს, ახალგაზრდების მიერ სპონტანურად ორგანიზებული აქციების მესამე დღეა. ახალგაზრდულმა მოძრაობა “დაფიონმა” პირველი სპონტანური საპროტესტო აქცია, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - სამდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, 18 აპრილს დააანონსა და იმის მიუხედავად, რომ აქცია დაგეგმილი არ იყო, მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.

| Print |
FaceBook Twitter Google