რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - მსვლელობა გმირთა მოედნისკენ
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ კანონს დღესაც აპროტესტებენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს და გმირთა მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ. დღევანდელი საპროტესტო აქცია ახალგაზრდულმა მოძრაობა „დაფიონმა“ დააორგანიზა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დღესაც უცვლელია - მმართველმა პარტიამ რუსული კანონი უნდა გაიწვიოს.

„ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენი პარტია საქართველოა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

„დაფიონმა“ საპროტესტო აქცია გუშინ, 18 აპრილსაც დააანონსა და იმის მიუხედავად, რომ აქცია დაგეგმილი არ იყო, მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს.

ცოტახნით ადრე სამდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და რუსული კანონის მეორე მოსმენა აქციის ფონზე ჩაივლის.

| Print |
FaceBook Twitter Google