შპრიცში რა სითხე იყო, არავინ იცის - მორიგი სკანდალი გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის გარშემო
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.


შორენა ლობჟანიძის განცხადებით, კვირას, 25 მარტს გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში მონიტორინგის მიზნით ჩასულ ცხოველთა უფლებადამცველებს ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა კარი არ გაუღეს და ნებისმიერი სახის კომუნიკაციაზე უარი განაცხადეს.

მისივე თქმით, ადგილზე ასევე იმყოფებოდა „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის დირექტორის, თეიმურაზ ზავრაშვილის მოადგილე, დიმიტრი არევაძე, რომელიც მაქსიმალურად შეეცადა სიტუაციის ესკალაციას.

“Ჩვენ ვართ ცხოველთა დამცველები და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, ერთობლივად გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით გურჯაანში, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით, რადგან თბილისამდე მოდის ძალიან ცუდი ინფორმაცია იქ გამქრალი ცხოველების შესახებ. ისეთი სისასტიკის შესახებ, როგორიც არის, მაგალითად, თავშესაფარში შეუყვანლად, მდინარე ალაზნის ჭალებზე ცხოველების ჩაქუჩით დახოცვის ფაქტები, არიან ამის თვითმხილველები- როგორ ხდება ცხოველების ტყეში დაყრა და ა.შ

აღნიშნულ ქეისთან დაკავშირებით, ჩვენ დოკუმენტები გაგზავნილი გვაქვს პროკურატურაშიც, პარლამენტშიც, კახეთის რწმუნებულთანაც. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება და პარალელურად გადავწყვიტეთ რომ მონიტორინგი ჩაგვეტარებინა, რომ რასაც გვეუბნებოდნენ ჩვენც გვენახა და გვცოდნოდა, რა როგორ იყო.

რომ მივედით ადგილზე, სამწუხაროდ, დიალოგმა, მოთხოვნებმა, უფლებების ახსნა-განმარტებამ, რომ გვაქვს უფლება შემოვიდეთ და მონიტორინგი განვახორციელოთ და უბრალოდ ვნახოთ რა ხდება, არ გაჭრა. არაფერს ვითხოვდით არც დოკუმენტაციის ჩვენებას, არც ვიდეოკამერის გახსნას, უბრალოდ გვინდოდა, ვიზუალურად გვენახა სად იმყოფებოდნენ ცხოველები.

იყო დამამცირებელი საუბარი, შეურაცხყოფა, აგრესიული დამოკიდებულება. ყველაზე საინტერესოა, რომ იმ მოცემულობაში, კვირას, არასამუშაო დღეს, ადგილზე იმყოფებოდა ზავრაშვილის მოადგილე, ვინმე ბატონი დიმიტრი, რომელიც ასევე მაქსიმალურად შეეცადა სიტუაცისს ესკალაციას.

იძულებულები გავხდით რამდენჯერმე დაგვერეკა საპატრულო პოლიციაში და გვეთხოვა დახმარება.
შემდგომ უკვე ჩვენსა და ადმინისტრაციას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ამ დროს ჩვენი ერთერთი თანამშრომელი გადავიდა დაბალი ღობის მხრიდან თავშესაფრის ტერიტორიაზე იმიტომ,რომ ძაღლების ძალიან ცუდი ხმა გამოდიოდა. გვეგონა, რაღაც ცუდი ხდებოდა.

როგორცკი ეს გოგონა დაინახეს იქ შესული, 4 მამაკაცი ეძგერა და დაუწყეს გათრევა. ლამის მიწაზე ახოხიალეს ადამიანი, ისე მიათრევდნენ. რაც ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა და მეც, მათ შორის, ვეღარ მოვითმინეთ და იძულებული გავხდით, ჩვენივე წევრის დასახმარებლად შევსულიყავით.

რომ შევედით, თანამშრომლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ დაგვხვდნენ,” - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში შორენა ლობჟანიძე.

საზოგადოების მხრიდან უდიდესი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა „ხელსაწყომ“ - პლასტმასის მილი, რომლის ბოლოშიც განთავსებული იყო ე.წ შპრიცი სითხით. ცხოველთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული იარაღით, რომელიც ვიდეოშიც ჩანს, ცხოველებზე ძალადობენ.

„ჩვენი შემოვლის დროს, შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს კუსტარული მილი. აბსოლუტურად შოკისმომგვრელი კონსტრუქცია იყო. პოლიციას ვთხოვდით, რომ შეედგინათ ოქმი, დაეწყოთ ამ საქმის მოკვლევა, რაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი. დავრეკე გენერალურ ინსპექციაში, მოვითხოვე კრიმინალური პოლიციის მოსვლა. აღმოჩნდა, რომ იქ მყოფი პოლიციელებიდან უკვე იყვნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ამ კონსტრუქციისა და ნემსში არსებული ნივთიერების დალუქვა.

ვერ მაჩვენებთ ცხოველთა დაცვის ვერცერთ კანონს, სადაც ცხოველებისადგმი მსგავსი მოპყრობა არის აღწერილი ან დასაშვები. თუნდაც ანესთეზიის სახით. ეს არის რაღაც პირველყოფილური, თემური გამოვლინება.

შპრიცში რა სითხე იყო, არავინ იცის. ეს იყო ტოქსინი, დამაძინებელი საშუალება, რა იყო - ამაზე ვითხოვთ გამოძიებას,“ -გვეუბნება შორენა ლობჟანიძე. 

საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge დაუკავშირდა კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის დირექტორს, თეიმურაზ ზავრაშვილს.

ზავრაშვილის განმარტებით, აღნიშნული ხელსაწყო ფართოდ გამოიყენება მსგავს დაწესებულებებში, რათა შესაძლებელი გახდეს იმ აგრესიული ძაღლების მოდუნება შესაბამისი პრეპარატით, რომლებსაც პერსონალი ფიზიკურად ვერ მიუახლოვდება და ვოლიერში შესვლა, ასეთ ცხოველთან საშიშია მომსახურე პერსონალისთვის.

„ჩვენთან შემოდიან მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვანაირი ხასიათით - ზოგი არის ძალიან თბილი და საყვარელი, რომელსაც მოეფერები კიდეც, მაგრიამ არიან აგრესიულებიც. შემოყვანისას, ვალდებულები ვართ, რომ ნარკოზით, თუკი ძაღლი აიტანს, ჩავუტაროთ ოპერაცია, რომელიც ნარკოზის გარეშე ვერ გაკეთდება. ჩვენიდან ძაღლი უნდა გავიდეს კასტრირებული/გასტერილიზებული.

სანამ ძაღლს მოვამზადებთ ოპერაციისთვის, არის სპეციალური სითხე, რომლითაც ძაღლი უნდა მოადუნო, რათა მოხდეს საოპერაციო ადგილის აპარსვა, ჩავუდგათ კათეტერი და მოვამზადოთ ოპერაციისთვის. ზოგი ისეთი აგრესიული ძაღლია, რომ ვოლიერში ვერ შეხვალთ მასთან. ზუსტად ასეთი ძაღლებისთვის ვიყენებთ დაგრძელებულ შპრიცს, რომელშიც შედის სითხე და ამ დამაგრძელებლით უკეთდება ეს პრეპარატი,“ - გვეუბნება თემურ ზავრაშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი დანიშნულების დისტანციური გამოყენების ხელასწყო მათ გაეროს წარმომადგენლობამაც გადასცა, რათა აგრესიული ძაღლების დაჭერა შესაძლებელი გახდეს.

„გაეროს წარმომადგენლობამ გადმოგვცა ჩვენ მსგავი ხელსაწყო, რომელიც არის სასროლი და 10 მეტრის მანძილიდან შეგიძლია გამოიყენო ზუსტად ასეთი დაუმორჩილებელი ძაღლის დასაჭერად. ესეც გვაქვს ჩვენ [თვითნაკეთი დაგრძელებული შპრიცი].

რასაკვირველია, ასეთი ხელსაწყოები არსებობს, მაგრამ, რადგანაც ვერ ვიშოვეთ საქართველოში, დამზადებულია ჩვენთან ხელით - კერძოდ, წინა ნაწილი, შპრიცი არის ქარხნულად დამზადებული, უკანა ნაწილი ეს არის დამაგრძელებელი, რათა პლასტმასი არ მოიღუნოს,“ - განმარტავს ცენტრის დირექტორი.

თეიმურაზ ზავრაშვილი მოადგილის, დიმიტრი არევაძის შეფასებით, ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა.

„ჯერ იყო კარებზე ბრახუნი, შემდეგ უწმაწური სიტყვები, გვაგინეს. რამდენიმე ადამიანი გადმოძვრა ღობიდან. მოხდა პატარა დაპირისპირება. შემდეგ გახსნეს კარები და ეს ამდენი ხალხი შემოვიდა. შემდეგ უკვე ვინ რას აკეთებდა და როგორ იქცეოდნენ, აღარ ვიცი. ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიძახა პოლიცია. რა თქმა უნდა, მოვიდა პოლიცია და ოთხი საათის შემდეგ წავიდნენ.

არ ვიცით რა უნდოდათ. შემოცვივდნენ, გაიქცნენ, რაღაცებს იღებდნენ, ვოლიერებსა და საწყობებში რაღაცებს ეძებდნენ, დარბოდნენ. ჩვენს თავშესაფარზე, ფაქტობრივად, იყო თავდასხმა. წინასწარ არ გაგვაფრთხილეს, არასამუშაო დღეს მოვიდნენ.

კვირას გვყავს ხოლმე შემოსული ძაღლები, ხშირად ჩამოვდივართ შემოწმებებზე, ამიტომ ვიყავით ჩვენც,“ - ამბობს დიმიტრი არევაძე.

იგი ასევე განმარტავს, რომ ცხოველთა უფლებადამცველების მიერ აღმოჩენილი ხელსაწყო „დაგრძელებული შპრიცია“, რომელიც აგრესიული ძაღლებისთვის შესაბამისი მოსადუნებელი პრეპარატის შესაყვანად გამოიყენება, რათა მოხდეს მათი ოპერაციისთვის მომზადება.

„არიან ისეთი ძაღლები, რომელსაც უბრალოდ ვერ მიეკარები. ეს არის ჩვეულებრივი შპრიცი, ოდნავ დაგრძელებული, რათა ვოლიერში შესაძლებელი გახდეს ძაღლის მოდუნება მასთან მიახლოების გარეშე. შემიძლია, საავადმყოფოდან ამონაწერები გაჩვენოთ, რამდენი თანამშრომელი გვყავს მსგავსი შემთხვევის დროს დაზარალებული. ძირითადად, ეს ხდება მხოლოდ მეტად აგრესიული ძაღლების შემთხვევაში.

აღნიშნული ხელსაწყო დალუქულია და გადაიგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში,“- ამბობს დიმიტრი არევაძე. 



შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge-ის გადამღები ჯგუფი, მონიტორინგის მიზნით, კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრს 2023 წლის ოქტომბერშიც ეწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google