პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება და მოზიდვა-ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ
განაცხადა, რომ დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების ხელშეწყობის
მიზნით, უმაღლეს სასწავლებლებში დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“
პროგრამა - მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს 1500-ლარიანი
სტიპენდია გადაეცა.
მისი განმარტებით, წელს იგეგმება „აგროსტიპენდიების“ შემუშავება, რაც
ხელს შეუწყობს პროფესიების განვითარებას.
„დავიწყეთ გარემოსდაცვითი კუთხით დეფიციტური პროფესიებით
დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და შევქმენით მწვანე
სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება,
მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში. სწორედ ამ მიზნით,
სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, აქტიურად
თანამშრომლობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სტუდენტები
სტაჟირებას გადიან სამინისტროს სისტემაში. შედეგად, მათ რეალური
შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში და საკუთარი
ცოდნის რეალიზება მოახდინონ. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამამ
გვიჩვენა, რომ გაიზარდა სტუდენტების მოტივაცია და შესაბამისად, წელს
ვგეგმავთ აგრარული დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიმართულებით
„აგროსტიპენდიების” პროგრამის შემუშავებასაც, რაც წლის ბოლომდე უკვე
დაინერგება,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის
საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
აღსანიშნავია, რომ სტიპენდიები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
ცნობისთვის, სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
გეოლოგია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია),
ეკოლოგია, გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია
და გარემოს მდგრადი განვითარება, ენერგეტიკისა და მინერალური
რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, კონსტრუქციული
(გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი
მენეჯმენტი და პოლიტიკა.
მასალის გამოყენების პირობები