ომბუდსმენი პარლამენტის აპარატის მიერ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს
პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge,
„ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“)
ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის 6 თებერვლის ბრძანებით
დამტკიცებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების
აკრედიტაციის ახალ წესს, რომელსაც მედიის წარმომადგენლების მხრიდან
უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც მედიის წარმომადგენლები სახალხო დამცველს მიუთითებენ,
აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი
პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით
არის გამოწვეული.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ - პარლამენტის თავმჯდომარის 2023
წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის
წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია.
ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების
გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და
პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი
დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში
პოლარიზაციის შემცირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება
შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის
საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული
ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის
პრინციპს.
სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის,
ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ
ფაქტებს.“-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის დადგენილების მიხედვით აკრედიტებული ჟურნალისტი
ვალდებულია:
• ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების
მსვლელობას;
• საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი
ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
• საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან
პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის
შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ;
• საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან
პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი
დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი
ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა
შესაძლებელი იყოს;
• არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი
უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
• დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის
სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
• სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს;
• სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
როგორც ცნობილია, სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება შეიზღუდოს მასზე
აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში
− 6 თვით.
მასალის გამოყენების პირობები