სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც
შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.
იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე
რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები.
„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის
კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის
შესახებ. ამიტომ, ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას
იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და
პარალელურად, ჩვენ ასევე წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს და
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება და ეს
დაადასტურეს და მხარს დაგვიჭერს, რომ ევროდირექტივა, ეს რეგულაციები
შემოვიღოთ ჩვენც. სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან რაღაც
ხელოვნური ჩარევები განვახორციელოთ, ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ
ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ
ჩვენს ქვეყანაში. ამით, რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება.
იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე
რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც
ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.“ - განაცხადა
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს ძირითად
პროდუქტებზე, რადგან ინფლაციის დიდი ნაწილი სწორედ სურსათზე
მოდის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს,
არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს
ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა
ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1%
არის სურსათის ფასები. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები და ეს შეიძლება ძალიან მალე
მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს
განსაზღვრული - 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა,
საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის
ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი
გამოვნახეთ, მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და
იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივირებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა
შემთხვევაში უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა, რომ ვინმეს
გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში.
ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ
და ისე, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები
ჩამოვწიეთ, გაიაფდა 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა
რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევრორეგულაციისა და
ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან
მალე დაიწყებს ფასები კლებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები