რატომ ვერ მოხვდა კლასელების ესკურსიაზე სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე
17 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო
სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე შიდა ქართლში გაემგზავრნენ, ორი კლასი
ერთად, მეათე და მეთერთმეტე.
მათი ექსკურსია მშვიდად ჩაივლიდა, რომ არა ერთი ფაქტი. იმავე
დღეს,მეათე კლასელი მოსწავლის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი,
რომ მისი სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე ექსკურსიაზე არ
წაიყვანეს.
„…სკოლის დირექცია,მასწავლებლებო და მშობლებო, და დედებო, ბედნიერები
ხართ, რომ გყავთ ჯანმრთელი შვილები. რა ვქნა, ჩემი შვილი შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვია, მეორე ჯგუფის ინვალიდი და ალბათ
მაგიტომაც ვერ მოხვდა დღეს თავისი კლასელების ექსკურსიაზე?“ - წერს
მშობელი.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების
ავტორების ნაწილი, მშობელს შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას
ურჩევს.
მშობელი დამატებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.
მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსშია გურჯაანის საგანმანათლებლო
რესურსცენტრი. ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის თქმით, განათლების
სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, სასწავლო წლის დასრულების
შემდეგ, თუკი ექსკურსიას მშობლები და მოსწავლეები გეგმავენ, სკოლა
პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებს.
„სასკოლო ექსკურია ჩატარდა არასასწავლო დროს. მეთერთმტე კლასი
წაიყვანა კლასის ხელმძღვანელმა. სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლე მეათე კლასის მოსწავლეა და მათი კლასის
ხელმძღვანელი, ამ ექსკურსიის ორგანიზებაში არ ჩართულა. ბავშვებმა
სურვილი გამოთქვეს შეერთებდნენ მეთერთმეტე კლასელებს, მშობლებთან
ერთად. თვითონ ის ფაქტი, რომ არ გააგებინეს სსსმ მოსწავლის მშობელს,
ნამდვილად მიუღებელია. მშობელს უკვე ვესუბრეთ და შევთანხმდით, რომ
აუცილებლად ამ სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის და
მშობლებისთვის ჩატარდება შეხვედრები ფსიქოლოგთან და ბავშვების
ცნობიერების ამაღლების მიზნით, აუცილებლად მოეწყობა შეხვედები საწავლო
წლის განახლებისთანავე,“-ამბობს დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან.
მანამდე კი, სანამ სკოლაში ფსიქოლოგთან შეხვედრები შედგება, მომდევნო
წელს, ისევ დაგეგმავენ ექსკურსიას და მასაც წაიყვანენ, მეათე კლასელი
ბიჭი სოციალურ ქსელში ადევნებდა თვალს, როგორ ერთობოდნენ ექსურიაზე
მისი თანაკლასელები.
მასალის გამოყენების პირობები