პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 000-მდე აპლიკანტმა წარადგინა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა.
შედეგების მიხედვით, წელს, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა,
რომლებსაც შემდეგ ეტაპზე კონკურსის გავლა მოუწევთ იმისათვის, რომ
თანამედროვე სტანდარტის სასწავლებლებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად
პროფესიებს დაეუფლონ.
განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო
განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და
სხვა მიმართულებები ლიდერობს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან
შედარებით წელს 100%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს განათლებისა
მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით
გატარებული ღონისძიებების შედეგია. აღსანიშნავია, რომ წელს თითქმის
გაორმაგდა შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც.
ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესი,
რომელსაც უმეტესად დისტანციურ ფორმატში, თავად პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმართავენ. ჩარიცხვის ახალი წესისა
და სტუდენტთა შერჩევის ახალი კონცეფციის შესაბამისად, კოლეჯები,
პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევის ისეთ
მრავალფეროვან მეთოდებს გამოიყენებენ, როგორიცაა: მოტივაციური
გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო
შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც შეეხება ეროვნულ ტესტირებას,
რომელიც მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს ეხება, შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრი სექტემბრის დასაწყისში უსაფრთხოების ყველა
წესის დაცვით ჩაატარებს.
განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ახალი სასწავლო წლისთვის,
საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სრულად იქნება დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და
უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები