პრაიდის საწინააღმდეგო აქციის წევრები „თბილისი პრაიდის“ ოფისში
აივნიდან შევიდნენ, LGBT+ დროშა დახიეს და საქართველოს დროშა
გადმოფინეს.
„პრაიდის“ წევრების თქმით, ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა და ყველა
უსაფრთხოდაა.
დაშავებული მედიის 10-ზე მეტი წარმომადგებენლი, ჩამსხვრეულია შუშები -
ასე მიმიდნარეობს ძალადობრივი ჯგუფის წევრების აქცია თბილისი პრაიდის
წინააღმდეგ. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ვინმე.
უწყება თბილისი პრაიდს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში მარშის
გამართვაზე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე
გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია
არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება თბილისი პრაიდის კვირეულის
ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ
თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში
ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული
რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების
მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს. კიდევ
ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რუსთაველის
გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების
მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის
გამართვაზე, — წერია შსს–ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პრაიდის კვირეული საქართველოში 1-5 ივლისს იმართება.
კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა
დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი,
კვირეულის მთავარი აქტივობის, ღირსების მარშის ჩატარება კი დღესაა
დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები