შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას შშმ
პირთა პენსიის გაზრდას სთხოვენ. მათ ადმინისტრაციას შესაბამისი
განცხადებით უკვე მიმართეს.
არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლებამ, 2021 წლის იანვრის
თვიდან, ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დატოვა შშმ
პირთა სოციალური პაკეტი, რაც ცალსახად წარმოადგენს შეზღუდული
შესაძლებლობის ნიშნით ჩაგვრას და პირდაპირ დისკრიმინაციას. მათივე
თქმით, არსებულ ვითარებაში პაკეტის უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა
სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს.
შშმ პირების, მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, შშმ
პირთა მშობლებისა და აქტივისტების მოთხოვნები შემდეგია:
1. საქართველოს მთავრობამ, შეწყვიტოს შშმ პირთა დისკრიმინაცია და
ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაზარდოს სოციალური პაკეტი შშმ
პირებისთვის. მოვითხოვთ აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს
2021 წლის გაზაფხულისა;
2. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება
სოცალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები
ღირსეული ცხოვრებისათვის;
3. სახელმწიფოს მხრიდან, შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან
არიდების მიზნით, ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო;
-"შშმ პირთა პენსია დღეს 140 ლარს შეადგენს და მათ ამ პანდემიის
დროსაც კი არავინ გაუზარდა პენსია. ვინმე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ
უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა მაშინ როდესაც მათი პენსია საარსებო
მინიმუმსაც კი არ შეადგენს? სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ
პანდემიის დროსაც კი უგულებელყოფს შშმ ადამიანებს და არ აღიარებს მათ
საჭიროებებს, როდის უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ადამიანებს?
მაინცდამაინც ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და შეგახსენოთ, რომ ისინი
არსებობენ?,"- აღნიშნა speqtri.ge-სთან მშობელთა და ბავშვთა
ინტერესების დაცვის ასოციაცია "დია"-ს ხელმძღვანელმა დიანა ხაზარაძემ.
ორგანიზაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც მუშაობს შშმ პირთა
საკითხებზე.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით რამდენიმე დღის
წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები